ტელეკომპანია „მთავარი არხმა“ 21 მარტს, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც ახლა პატიმრობაშია, წელიწადნახევრის წინ ჩაწერილი ინტერვიუ გაუშვა. ინტერვიუში ივანე გულაშვილი 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს მიღებულ ბრძანებებზე, ასევე პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მიმართ თვალთვალზე საუბრობს.
ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, გულაშვილის შესახებ მასალა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერშიც გავიდა. „მთავარი არხის“ თქმით, გულაშვილი, სხვა ბრალდებებთან ერთად, კონფიდენციალური მასალების გამჟღავნების გამო გაასამართლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გულაშვილი თავდაპირველად უსაფრთხოების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ნიკოლოზ შარაძის დაქვემდებარებაში მუშაობდა, რომელიც ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსია, მოგვიანებით კი – გულაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის დაქვემდებარებაში გადავიდა, სადაც იგი, მისივე თქმით, ექსპერტ კრიმინალისტად იყო გაფორმებული, რეალურად კი – თვალთვალი ევალებოდა. ივანე გულაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბევრი ფარული ჩანაწერი აქვს, რისთვისაც, შესაძლოა, მოკლან.
პოლიტიკოსებზე თვალთვალი
გულაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელს, როდესაც იგი შარაძის დაქვემდებარებაში მუშაობდა, იურისტ ანა დოლიძის სახლში შეპარვა და სათვალთვალო კამერების დაყენება დაავალეს. ანა დოლიძე შემდგომ წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მსახურობდა, ასევე იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. გულაშვილის თქმით, დოლიძის სახლიდან კამერები მას შემდეგ მოხსნეს, რაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაიღეს.
დოლიძემ, რომელიც ამჟამად პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს, „მთავარ არხს“ უთხრა, რომ იგი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით არასდროს დაუშანტაჟებიათ, თუმცა ერთხელ მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც, იგი „თითქოსდა კორუფციულ გარიგებაში“ მონაწილეობისას გარკვეული მოლაპარაკების დროს ჩაწერეს.
გულაშვილის განცხადებით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მაშინდელი შეიხის, ვაგიფ აკპეროვის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შარაძემ მას შეიხის პერსონალურ კომპიუტერში ვირუსის შეშვებაც დაავალა.
აკპეროვმა თანამდებობა 2014 წლის დასაწყისში დატოვა და ამის მიზეზად უსაფრთხოების სამსახურიდან ზეწოლა დაასახელა. ამ თემაზე საუბრისას, აკპეროვმა განაცხადა, რომ იგი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით დააშანტაჟეს.
20 ივნისის აქციების დროს გაცემული ბრძანებები
გულაშვილმა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს შს მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის დაქვემდებარებაში მუშაობდა, გაიხსენა, რომ 2019 წლის ივნისის აქციების დროს, საბანაძემ მას იმ მონიტორისთვის ცეცხლის წაკიდება დაავალა, რომელზეც აქციის დროს ლიდერების გამოსვლები გადიოდა.
გულაშვილის თქმით, მან მხოლოდ ელექტროსადენი გადაჭრა, თუმცა მონიტორს ცეცხლი არ წაუკიდა, რადგანაც აფეთქების შეეშინდა. ოდნავ განსხვავებული ვერსია იყო „ტელეკომპანია პირველის“ სიუჟეტში, რომლის თანახმადაც საბანაძემ ბრძანება გასცა, რომ აქციაზე დამონტაჟებული ორივე მონიტორი და ხმის სისტემა განადგურებულიყო, რამაც არეულობის დაწყების შემდეგ, ლიდერების მომიტინგეებთან კომუნიკაციას შეუშალა ხელი.
გულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შემდეგ მას პარლამენტის სათვალთვალო სისტემიდან აქციის ჩანაწერებიანი „შვიდი ვინჩესტერის“ ამოღება დაავალეს. მისივე თქმით, პროკურატურა ამ ჩანაწერების გადაწერას შეეცადა, თუმცა შეჩერების ბრძანება მოვიდა. გულაშვილის თქმით, „მარტო გახარიას და საბანაძეს“ შეეძლოთ ასეთი ბრძანების გაცემა. „კაციშვილი ვერ გასცემდა იქ სხვა ბრძანებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბრძანება საბანაძისგან მიიღო.
გულაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ 20 ივლისს მას „მთავარი არხის“ ამჟამად პატიმრობაში მყოფი მეწილის, გიორგი რურუას მანქანის ქვეშ GPS სათვალთვალო მოწყობილობის დამონტაჟება დაავალეს. რამდენიმე თვეში რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მას „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს და მის გათავისუფლებას ითხოვს.
„ტელეკომპანია პირველის“ 20 მარტის სიუჟეტი უშუალოდ კახა საბანაძესაც ეხება. არხმა ფარულად ჩაწერილი კადრები აჩვენა, რომლებიც, სავარაუდოდ მის კაბინეტში 2019 წლის 21 ოქტომბერს ფარულად გადაღებული ვიდეოდანაა ამოღებული. კადრების თანახმად, საბანაძეს, რომელსაც მაშინ ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, უსაფრთხოების სხვა თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, რადგანაც კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია გადაღებული.
„ტელეკომპანია პირველმა“ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ფაილებმა გაჟონა, რომლებიც მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის საუბრების ჩანაწერს, უსაფრთხოების თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულების შესახებ ვიდეომასალასა და უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო აგენტების სიას შეიცავს. ტელეკომპანიის თქმით, ჩანაწერები შსს-ს სპეციალურ დანიშნულებათა დეპარტამენტის სწავლებების ამსახველ დრონების მიერ გადაღებულ მასალასაც შეიცავს.
არხის ინფორმაციით, პროკურატურამ გულაშვილთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწია და მისი პატიმრობა ცხრიდან ორ წლამდე შეამცირა. გულაშვილი რუსთავის ციხეს, სავარაუდოდ, ცხრა თვეში დატოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)