ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც 18 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა, დღეს თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის.
ქვემოთ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებია მოცემული:
ქართული ოცნების გამოხმაურება
გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „მე არ გამიგია, რომ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა უნდა, გადანაცვლება [გიორგი გახარიას] ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თუნდაც თვითონ [გახარია] თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს. გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას [არაფერი] განუცხადებია და აღარ მინდა ისევ მის ადვოკატად მოგევლინოთ. მერე მოვა დრო და თვითონ იტყვის“.
ირაკლი ზარქუა – ქართული ოცნება: „თქვენც, მეც, ყველას აქვს უფლება შექმნას პარტია თუ ამას ჩათვლის საჭიროდ და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. პირიქით, ჩემთვის პირადად მისასალმებელია, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად. არ გვექნება მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაც ჭიდილი“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „იმ შემთხვევაში, თუ გახარია დარჩება პოლიტიკაში და გადაწყვეტს რაღაც პოლიტიკური ძალის შექმნას, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იგი არის მთავარი შემოქმედი 20 ივნისის, მთავარი შემოქმედი ადამიანების დასახიჩრების, რომლის დროსაც და შემდეგ არ დასჯილა არცერთი სამართალდამცველი უწყება და მას საკმაოდ კარგი კავშირები აქვს, მათ შორის, რუსეთთან, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ ამავე დროს, თუ რაიმე სახის კონკრეტულ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის, ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დააზიანებს ქართულ ოცნებას. ჩვეულებრივი ჩამოშლის პროცესია, ისევე, როგორც ძალიან დააზიანდა [მისი] გადადგომის შემდეგ ჩრდილოვანი მმართველობა“.
ფიქრია ჩიხრაძე – ლელო საქართველოსთვის: „მე ვფიქრობ, რომ ის ვერ იქნება ქართული ოცნებისგან დამოუკიდებელი ფიგურა, ის იქნება უფრო მაშველი რგოლი ქართული ოცნების იმედგაცრუებული ამომრჩევლისათვის, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას და უნდათ, რომ ვიღაც ახალი საყრდენი იპოვონ და, შესაძლოა, სწორედ ასეთი საყრდენის ფუნქცია უნდათ, რომ მიანიჭონ გახარიას ფიგურას“.
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები: „რამდენადაც მე ვიცი, გახარია ფიქრობს პარტიის შექმნას. ის გარკვეულ კონსულტაციებსაც აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ ვიხილავთ მას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)