Site icon Civil.ge

სენატში საქართველოს შესახებ მოსმენას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში აფასებენ

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა, ფოტო: senate.gov

აშშ-ის სენატში 23 მარტს საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, მოხსენებით გამოვიდნენ – სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ჯინ შაჰინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

ქვემოთ სენატში გამართულ მოსმენაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებია მოცემული.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე: „მკაფიოდ აღინიშნა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია. აღინიშნა, რომ ეუთო/ოდირის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში. მკაფიოდ ითქვა, რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონს და კანონის დარღვევა ვერ იქნება მხარდაჭერილი“.

კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, ვერ იქნება აღქმული ასეთად. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთოს, ფაქტობრივი მოცემულობა უცვლელია – სენატის შეფასებით საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და ლიდერი რეგიონში, ხოლო ქართულმა ოცნებამ, როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან – 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ბუნებრივია, გამოხატული იქნა წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა დაიცვან“.

ოპოზიციის გამოხმაურება

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ვფიქრობ, ყველამ, ვინც მოუსმინა დეტალურად ამ მოსმენებს, მიხვდა, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ვაშინგტონში ამ ეტაპზე საკმაოდ დიდ მოლოდინს ამყარებენ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე. ჩვენ მოვისმინეთ გზავნილები, განსაკუთრებით მიმართული ხელისუფლებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის მიმართაც იყო მოწოდებები. არაერთმა სენატორმა აღნიშნა განსაკუთრებული როლი, რომელიც ამ შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას და თქვენ იცით, რომ ასევე გუშინ გაჟღერდა ინიციატივა, რომ რეზოლუციაზე დაიწყოს მუშაობა და საუბარი იყო ფინანსური დახმარების პრინციპების გადახედვაზე. ამ მომავალს დიდწილად განსაზღვრავს ის პოზიცია, რომელსაც ქართული ოცნება დააფიქსირებს მოლაპარაკებების პროცესში“.

გიგი წერეთელი – ევროპული საქართველო: „ძალიან ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით, იმიტომ, რომ, ეს აღინიშნა არაერთხელ, რომ სწორედ ხელისუფლება არის მთავარი პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის, შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და კომპრომისები უნდა გაკეთდეს. ეს [კრიზისი] არ არის ქვეყნის ინტერესებში და მხოლოდ ერთი ქვეყანა – რუსეთი – იგებს ამ არეულობით“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „აშშ სრულიად მკაფიოდ და ცალსახად გვეუბნება, რომ თუკი მედიაცური ძალისხმევა, რომელმაც უნდა გადაჭრას ეს კრიზისი, კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად იქნება ჩაგდებული ქართული ოცნების მხრიდან, მაშინ საქართველოს აღარ უწერია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველოს სვე-ბედი იქნება დაზარალებული და ქვეყნის სტაბილურობა შედეგად იქნება დაკნინებული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)