საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 მარტს განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა NEQSOL ჰოლდინგმა, რომელმაც 2019 წელს საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი შეიძინა, 2020 წლის აგვისტოში დანარჩენი 51% ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე იყიდა და კომპანიის 100%-იანი წილის „უკანონო“ მფლობელი გახდა.
კომუნიკაციების კომისიის თქმით, აზერბაიჯანულმა კომპანიამ აქციები „დაჩქარებული წესით“, იქამდე შეიძინა, სანამ კომისია „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველს, მარიამ სულაბერიძეს დანიშნავდა, 2019 წელს „კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში“ დასაბრუნებლად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ 2019 წლის ოქტომბრიდან მიღებული არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, შპს „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევა არ აღმოუფხვრია.
აღსანიშნავია, რომ სანამ სპეციალური მმართველი 2019 წლის გადაწყვეტილებას გააუქმებდა, „კავკასუს ონლაინის“ ყოფილმა მფლობელმა, International Online Networks-მა სპეციალური მმართველის დანიშვნის წინააღმდეგ ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა წარუმატებლად, შემდეგ კი – სარჩელი ზემდგომ ინსტანციაში შეიტანა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სულაბერიძეს უფლებამოსილება შეუჩერა და ამის მიზეზად მარეგულირებლის მიერ მმართველის დანიშვნის კანონიერების შესახებ „დასაბუთებული ეჭვი“ დაასახელა.
სასამართლომ დასძინა, რომ სპეციალური მმართველის საქმიანობის შედეგები და შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ მიყენებული სავარაუდო ზიანის მასშტაბი, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი იყოს.
პასუხი ვენეციის კომისიას
კომუნიკაციების კომისიის განცხადებას წინ ვენეციის კომისიის მოსაზრება უძღვოდა, რომელშიც კომისია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში „ფართო და გადაჭარბებული“ ძალაუფლების მქონე სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილების გამოა გაკრიტიკებული.
„ვენეციის კომისია აცნობიერებს კანონში ცვლილების შეტანის მიზანს – სახელმწიფოს ჰქონოდა უფრო ეფექტური და ნაკლები ზიანის მომტანი ინსტრუმენტი, ვიდრე ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება და მილიონობით აბონენტის ინტერნეტის და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
კომისია ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, „საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება“. კომისიამ აღნიშნა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება და განმარტა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციით, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით არის გარანტირებული.
ასევე წაიკითხეთ:
- კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა
- პარლამენტმა ელ. კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- ტელესაკომუნიკაციო კომპანიები მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციის შესახებ კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობენ
- მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)