Site icon Civil.ge

მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში დანიელსონის დაბრუნებამდე მედიაციაზე საუბრობენ

შვედი დიპლომატი ქრისტიან დანიელსონი, ფოტო: europa.eu

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის თბილისში დაბრუნდებისა და მედიაციის პროცესის განახლებამდე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციაში მოლაპარაკების პერსპექტივებზე საუბრობენ. მხარეების მხრიდან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიციაში პარლამენტის შესვლის მზაობაზე მიანიშნეს.

ქართული ოცნების პოზიცია

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდის „მზაობა მოლაპარაკება შედგეს, ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ დღის წესრიგში რჩება“. მისივე თქმით, ყველა საკითხზე, რაც ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველად დევს, ქართული ოცნების მხრიდან უკვე არსებობს ან გადადგმული ნაბიჯები ან კომპრომისული წინადადებები ან საკითხის გადაწყვეტის გზები. ამ კონტექსტში მან საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას გაუსვა ხაზი.

„თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას“, – განაცხადა მდინარაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ამ რთული გამოწვევების ფონზე, შეთანხმების მიღწევა ქვეყნის ინტერესშია.

მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავებაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პასუხი იყო, რომ „მან დაარღვია კანონი“ და, შესაბამისად აქ „ვერ ვისაუბრებთ პოლიტპატიმრობაზე“. მისივე განცხადებით, ეუთო/ოდირისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების შემდეგ, სენატშიც გაიმეორეს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო „თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი“.

ოპოზიციის განცხადება

დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამაც და მმართველ გუნდთან მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმების შემთხვევაში, „დღევანდელ“ პარლმენტში შესვლის მზაობა გამოხატა.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მათ „მოქნილი პოზიცია“ აქვთ როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღზე, ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზებზე. მათივე განცხადებით, ოპოზიციაში ზოგი პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ემხრობა, ზოგიც კი – საკითხზე პლებისციტის ჩატარებას უჭერს მხარს. განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის ადგილობრივი თვითმმართველობის „არჩევნების შედეგზე მიბმა“, როგორც ამას მათივე თქმით, მმართველი გუნდი სთავაზობს.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათი „თვითმიზანი“ არა მმართველი გუნდის მიერ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ საჯარო აღიარება, არამედ „ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თვმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

ოპოზიციის განცხადებით, მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერთი ან მასთან მიახლოებული სისტემით. „ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი რეფორმირების მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც მმართველი პარტიის დომინანტურობას შეუძლებელს გახდის. მათივე შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საწყისინი ნაბიჯი „აუცილებლად“ უნდა იყოს „არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა“.

ერთობლივ განცხდებას ხელს აწერენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ევროპული საქართველო; ლელო საქართველოსთვის; გირჩი – მეტი თავისუფლება; მოძრაობა დროა; პროგრესი და თავისუფლება; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)