ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა, რომელიც პოლიტიკის კრიზისის მედიაციის მიზნით თბილისში იმყოფება, დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების სხვა სხვა ლიდერებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა“.
ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის პოზიცია, რომ „ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება“. „ამაზე მოვისმინეთ განცხადებები ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო-ოდირის დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები“, – განაცხადა მანვე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ“. „ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე“, – დაამატა მან.
ღარიბაშვილმა ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც გააკრიტიკა, რომელიც გამოვიდა წინადადებით, რომ მოლაპარაკებებში ქართული ოცნებისა დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთონ. პრემიერ-მინისტრის თქმით, სააკაშვილის მონაწილეობა დაუშვებელია, ვინაიდან ის „კრიმინალია“, ხოლო ივანიშვილი „პოლიტიკიდან წავიდა“.
დანიელსონსა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ცალკე გამართული შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე საათში კვლავ შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ევროკავშირის წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდება.
„ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
ამბის წინაისტორია
დანიელსონი თბილისში 27-28 მარტის ღამეს დაბრუბდა. იგი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ასევე წაიკითხეთ:
- მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში დანიელსონის დაბრუნებამდე მედიაციაზე საუბრობენ
- მედიაციის განახლებამდე დანიელსონმა მოსამზადებელი შეხვედრები გამართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)