გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 1 აპრილი, N25
ქართული პრესა
გაზ. „სოციალისტ-ფედერალისტში“ მოქალაქე თედო ღლონტი* ეკამათება იმათ, ვინც ბრალს სდებს მის პარტიას გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკებთან „დაკავშირებაში“ საქართველოს „ინტერესების“, სოც-ფედერალისტების ტრადიციის დავიწყებაში და ღალატში**.
„ჩვენ ამ ჭორებს არასდროს არ ვაქცევდით ყურადღებას, ჩვენ ვმუშაობდით ისე, როგორც გვიმუშავნია ყოველთვის, არავითარი იოტის ოდენა ცვლილებაც არ შეტანილა ჩვენს აზროვნებასა და პრაქტიკაშიო“ სწერს ის(ხაზი ჩვენია).
ჩვენ [კომუნისტები] არ ვართ მომხრე, რასაკვირველია, ავსტეხოთ მაინცდამაინც კამათი, გამოვიწვიოთ ის ხელოვნურათ ზოგ პოლიტიკურ ჯგუფებთან და კერძო პოლიტიკურ მოღვაწეებთან. უამისოდაც ჩვენ აუარებელი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ასეთი კამათისთვისაც ცოტა დრო, მარა ყოველგვარ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროთ მიგვაჩნია ვიკითხოთ, ვის გულისხმობს ამოწერილი სტრიქონების ავტორი ჩვენ მიერ ხაზგასმულ საკითხში „ჩვენ“-ში, თავის თავს, თავის ჯგუფს თუ თავის პარტიას? შეიძლება სხვადასხვა აზრის ვიყოთ რამდენიმე საკითხში პირადათ ავტორის, ან ამ ჯგუფის შესახებ (თუ ასეთი მართლა მოინახება) რომელიც მას მისდევს, მარა აზრს იმაზე, თითქოს მაგალითათ, სოც-ფედერალისტების პარტიის თეორიაში და პრაქტიკაში „იოტის ოდენა ცვლილება არ შეტანილა“ სადაო კითხვების შესახებ, სჭირდება მეტი დასაბუთება ვინემ ცარიელი დეკლარაცია. ჩვენ [კომუნისტებს] კი გვგონია რომ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში მართლა ჯერ არავითარი ცვლილება არ შეტანილა იმ აზრით, რომ ის ისეთივეა, როგორიც იყო, თუ პარტიათ არ გამოვაცხადებთ მის ზოგიერთ წევრებს და ჯგუფებს.
„საერთოთ და არსებითადო“ – განაგრძობს ავტორი – „საქართველოს რევკომი უფრო რევოლუციუნური, უფრო დემოკრატიული და უფრო სოციალისტურია, ვიდრე მენშევიკური მთავრობა. აი ჩვენი რწმენა, ჩვენი შეხედულება ბალშევიკებზე. ეს შეხედულება არა 25 მარტიდან [თებერვლიდან] შემუშავებული ჩვენს შორის, არამედ მუდმივათ ასეთი ჩვენი შეხედულება ბოლშევიკებზე იყო ის ნიადაგი, პირობა, რომელიც არკვევდა ჩვენს ურთიერთობას ბოლშევიკებთან“-ო.
ჩვენ [კომუნისტები] არას ვიტყვით დღეს ამ „უფრო“ რევოლუციუნურზე, „უფრო“ დემოკრატიულზე და „უფრო“ სოციალისტურზე. ამის შესახებ შემთხვევა მოგვეცემა „უფრო“ დაწვრილებით ვილაპარაკოთ მომავალში. მარა ისევ და ისევ კითხვა იმის შესახებ იყო თუ არა ასეთი შეხედულებაც კი ბოლშევიკებზე სოც. ფედ. პარტიისათვის ნიადაგი, პირობა, რომლითაც ირკვევოდა მისი დამოკიდებულება ბოლშევიკებთან, ეს კითხვაც არ გადაიჭრება უბრალო დეკლარატიულათ. საჭიროა ფაქტები, ხოლო ფაქტების სფეროში ჩვენ მუდამ ვიდექით ჩვენს გამოსვლებში „ერთიან რეაქციონური მასის“ წინ. ეს იყო ასე, ამის დამალვა და მიფუჩეჩება საჭირო არ არის იმისთვისაც, კი რომ ეს აღარ იყოს თუ შესაძლებელია მომავალში. უნდა ითქვას ხოლმე არა მარტო ის „რაც არის“, არამედ ისიც, რაც იყო. ამით ლასალის რჩევით ჩვენ გავაკეთებთ რევოლუციონურ საქმეს.
და ბოლოს ყველაფერი, რომ ამ მხრივ თავის ადგილზე ყოფილიყო სოც. ფედ. პარტიაში, ჩვენს ავტორს არ მოუხდებოდა დიდი წერილების წერა მისი გაწმენდის შესახებ. ვნახოთ რა შედეგები მოყვება მის ცდას, შესაძლებელი იქნება თუ არა ეს.
**1921 წლის 25 თებერვალსვე, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მემარცხენე ჯგუფმა შალვა ნუცუბიძისა და თედო ღლონტის მეთაურობით ერთგულება გამოუცხადა საბჭოთა რევკომს და თანხმობა გამოაცხადა ჩართულიყო „საბჭოთა რესპუბლიკის“ მშენებლობაში. ნუცუბიძისა და ღლონტის რედაქტორობით გამომავალი გაზეთი 1921 წლის 27 თებერვლიდანვე მოუწოდებდა მოქალაქეებს ერთგულება გამოეჩინათ საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ამავე დროს, გაზეთის დიდი ნაწილი ეთმობოდა სოციალ-დემოკრატების ხელისუფლების კრიტიკასა და ლანძღვას – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა.