ევროკავშირის მედიაციით გამართული რვასაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
ურთიერთბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 31 მარტს, გვიან ღამით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დანიელსონმა თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ შეთანხმებაზე უარმა დაადასტურა მათი ეჭვი, რომ „ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო“. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული ოცნება პასუხისმგბელობას იღებდა საარჩევნო და სასამართლო სისტემის „ფუნდამენტურ“ რეფორმაზე, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. ამასთან, მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ქართული ოცნება 20 ივნისის ამნისტიის კანონის მიღების გზით, მის გათავისუფლებასაც უზრუნველყოფდა.
„ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ოპოზიციას უნდა შეესრულებინა ერთადერთი პირობა – მას უარი უნდა ეთქვა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟზე და უნდა შესულიყო პარლამენტში“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს „საკუთარი პასუხისმგებლობით“, შეთანხმების გარეშეც განახორციელებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო და სასამართლო სისიტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალთა განაწილების შესახებ მედიაოტირის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დათანხმდა, თუმცა ახალი არჩევნების ჩატარებისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა. მისივე თქმით, ოპოზიცია ასევე მზად იყო დათანხმებოდა ამნისტიის შესახებ პუნქტსაც, თუკი ის ნიკა მელიასთან ერთად, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუასაც შეეხებოდა.
„ჯერჯერობით, ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შეუცვლიათ თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია“, – თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ ოპოზიციის უახლოესი სამომავლო გეგმა ივანიშვილისთვის ქვეყნის შიგნით „მწვავე პრობლემების შექმნა“ და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მისთვის წნეხის გაზრდაზე მუშაობა იქნება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ გიორგი რურუა „მძევლად დაიტოვოს“, ამასთან „შალრ მიშელთან თავისივე გაცემულ პირობაზე უარი თქვას და [შეთანხმების] დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არანარი ჩანაწერი არ ყოფილიყო “. ვაშაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დანარჩენ სამ საკითხზე, რომლებიც საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას ეხება, იგი მზად არის, რომ ხელი „დღესვე“ მოაწეროს.
„როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც ქართული ოცნება იტყოდა, რომ ჩვენ ამ ტექსტს ვაწერთ ხელს“, – განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხებზე ოპოზიციამ „მტკიცე პოზიცია“ შეინარჩუნა. ჯაფარიძის თქმით, იგი მზად იყო, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე ძალაუფლების განაწილების შესახებ პუნქტებისთვის ხელი მოეწერა, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯერა, რომ მსგავსი ტექსტებით „შეიძლება რამე შეიცვალოს“.
ასევე წაიკითხეთ:
- ღარიბაშვილის თქმით, ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება
- მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში დანიელსონის დაბრუნებამდე მედიაციაზე საუბრობენ
- ევროკავშირის მედიაცია: ქრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)