ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ 31 მარტს 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, სადაც საბიუჯეტო შემოსავლები 8.4 მლრდ რუსული რუბლით, ხოლო ხარჯები 9.2 მლრდ რუსული რუბლით განისაზღვრა, დეფიციტის ოდენობა კი – 791.8 მლნ რუსულ რუბლს შეადგენს.
ადგილობრივი გაზეთი „ნუჟნაია გაზეტა“ იტყობინება, რომ 5.2 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის შემოსავლები რუსეთის მიერ დაფინანსდება, საიდანაც 3.8 მლრდ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო 1.4 მლრდ 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას მოხმარდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბიუჯეტო ხარჯებში გათვალისწინებულია რუსეთის მიერ თანადაფინანსებული თანხების 8.73%-იანი შემცირება, რომელიც „საჯარო მოხელეთა“ ხელფასების ზრდისთვის იყო გათვალისწინებული.
აფხაზმა „დეპუტატებმა“ ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი 2020 წლის 31 დეკემბერს ჩააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნატალი სმირმა განაცხადა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებდა თანხებს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნებების ფინანსურ მხარდაჭერას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)