გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 6 აპრილი, N29
„დამოუკიდებელ“ სოციალ-დემოკრატების კრება
კვირას, 3 აპრილს, თფილისის ქალაქის ყოფილ თვითმმართველობის დარბაზში შესდგა ეგ. წოდ. „დამოუკიდებელ“ მენშევიკთა კრება. მათი განცხადების თანახმათ კრება უნდა ყოფილიყო მარტო „დამოუკიდებლებისა“, მაგრამ ნამდვილათ კი მონაწილეობა მიიღო ყველა „რწმენის“ მენშევიკმა.
თავმჯდომარეთ არჩეულ იქმნა მოქალაქე ხოჭოლავა (იოანე (მუხრან) ხოჭოლავა – დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი), მდივნად დ. თევზაძე. თავმჯდომრარის ამხანაგათ სოლომონ თავაძე.
თავმჯდომარემ აუწყა კრებას მოწვევის მიზანი; შემდეგ შეეხო მათ და უნებურათ შექმნილ მდგომარეობას აქ მოიგონა მან ცხრა მარტს დასაფლავებული ქართველი ჯარის-კაცები, სთქვა თუ რამდენი ამისთანა უბედურება გადახდა თავს ქართველ ერს, წარმოუდგა კრებას შავი დღეები წარსულის, შემდეგ დრო თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის. საერთოდ შეეხო აქ ქართველი ერის წარსულს, შეადარა იგი აწმყოს და გამოიყვანა შემდეგი დასკვნა: მიუხედავათ იმისა რაც მოხდა და რასაც ვხედავთ დღეს, ქართველი ხალხი იპოვნის ამ მდგომარეობიდან გამოსავალსო.
შემდეგ მომენტზე აკეთებს მოხსენებას კირილე ნინიძე (სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი). იგი ორჭოფულად იწყებს თავის მოხსენებას და თან ირონიულათ იხსენებს კომუნისტებს ხან ამბობს უნდა ვიმუშავოთ მათთანო, ხან კი ამბობს – „დათვმა რომ მოგერიოს „ბაბა“ უნდა უთხრა“-ო. ისე კი პრინციპიალურათ ზიზღს იწვევს კომუნისტების სახელის „უბრალო“ მოხსენიებაც კი. იგი განაგრძობს, – „კომუნისტებმა გარეკეს საყოველთაო უფლების ნიადაგზე არჩეული ჩვენი პარლამენტი, ამით მათ გამოიჩინეს კომუნისტური სახე“-ო.
მუშათა საბჭოებში მუშაობას და მის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას საჭიროთ სთვლის კირილე ნინიძე. შემდეგ იგი ეხება აღმოსავლეთ ხალხის მიმართ კომუნისტების პოლიტიკას და ამბობს, – ჩვენ იმას პოლიტიკას ვერ გავიაზრებთ, ვინაიდან ამით ჩვენ მოგველის ფიზიკურათ განადგურებაო, ე. ი. ჩვენ უნდა დავიცვათო თავიდან ბოლომდის ნეიტრალიტეტიო. ჩვენ, სადაც მოხერხებული იქნება. ვიმუშავებთ კომუნისტებთან და სადაც არა ჩვენსას ვიტყვითო, ფედერალისტებივით ლაქიაობას არ დავიწყებთო. და თუ ამისთვის საჭირო იქნება არც ციხეებს დავერიდებითო.
აქ შემდეგ მომხსენებელი იხსენებს პეტროგრადში და მოსკოვში პროლეტარიატის ხელში პირველათ ძალა-უფლების გადასვლას და ამბობს: „თვით ნოე ჟორდანია იმ დროს, რომ ყოფილიყო იქ უეჭველათ ბოლშევიკებთან იქნებოდა“-ო. რაც შეეხება მენშევიკების გაქცევას და იქიდან გარეშე ძალის შემოყვანას, ამით საბჭოთა საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყების წამოწყებას – იგი სასტიკად გმობს; ასეთ აჯანყებას იგი უმიზნოთ, კონტრ-რევოლუციონურათ სთვლის.
შემდეგ ლაპარაკობს ვლადიმერ ჯიბლაძე (სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი). იგი შექმნილ მდგომარეობის გამო წელში გატეხილივით იწყებს ლაპარაკს. მისი ლაპარაკიდან გამოსჭვივის მწარე ბოღმა, საბჭოთა რესპუბლიკის სახელის გახსენება მას საშინელ ჟრუანტელს ჰგვრის და მომხსენებლებს ურჩევს შექმნილ მდგომარეობის გამო დაივიწყონ მენშევიკებმა ერთმანეთს შორის დავა, წარსული შეურაცხყოფა, უთანხმოებები და შეუდგენ შეერთებული ძალით ნაყოფიერ დადებით მუშაობას.
მუხრან ხოჭოლავა ამბობს კრების დასასრულს -მეორე ინტერნაციონალი აღარ არსებობს თავის თავათ, მაგრამ მესამე კი მიუღებელია მათთვის და მოუწოდებს კრებას ეძიონ სხვა ინტერნაციონალი.