ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის თაობაზე საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის კრიტიკულ განცხადებას ქართველი აქტივისტების მწვავე რეაგირება მოჰყვა. პროექტს თურქული კომპანია „ენკა“ ახორციელებს.
თურქეთის ელჩის სადავო განცხადება
პროექტის შესახებ საუბრისას, თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია „პოლიტიკურ და ანტითურქულ ხასიათს იძენს“. მისი თქმით, ჯვარი, რომელიც აქციის მონაწილეებმა „პროტესტის ნიშნად სამშენებლო ტერიტორიის შუაში აღმართეს“, იყო „ღია მინიშნება რელიგიურ დისკრიმინაციაზე, ან რელიგიის გამოყენება გარემოსდაცვითი პროტესტისთვის“.
თურქეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა „მათი რაოდენობა არ არის ის 4 000 თუ 5 000 ადამიანი, რომელიც ქუთაისში აქციაზე შეგიძლიათ ნახოთ, ისინი არც მაინცდამაინც ჯვარს აღმართავენ ხოლმე“. მას, სავარაუდოდ, ის ჰქონდა მხედველობაში, რომ მოქალაქეებმა ქუთაისში პროექტის წინააღმდეგ აქცია ორჯერ მხოლოდ იმიტომ გამართეს, რომ მშენებლობას თურქული კომპანია ახორციელებს.
ელჩის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული პრეტენზიების შემდეგ, მან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული წუხილები კომპანია „ენკასთან“ გადაამოწმა. „აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გარემოსდაცვით საფრთხეებზე საუბრობენ, არ აქვთ რაიმე კვლევები, არ აქვთ რაიმე სამეცნიერო ღვაწლი. მათთან სამეცნიერო, ფაქტობრივ ინფორმაციასაც ვერ განიხილავ“, – თქვა ელჩმა.
თურქეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ყველა ადამიანმა აიღო საკომპენსაციო თანხა, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც „სახლის შენებას განაგრძობს, რათა მისი მიწის ფასი გაიზარდოს“.
ადგილობრივი აქტივისტების რეაგირება
დასავლეთ საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლობას ათასობით ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. ოპონენტებმა, რომლებიც პროტესტის მიზეზად გარემოს ჰესის დამღუპველ ზემოქმედებასა და ინვესტორთან საეჭვო შეთანხმებას ასახელებენ, პროექტის წინააღმდეგ ქუთაისში ორი ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. ამას გარდა, ადგილობრივები უკვე 160 დღეა, მშენებლობის ადგილას კარვებში მორიგეობას განაგრძობენ, რათა მშენებლობის პროცესს ხელი შეუშალონ.
თურქეთის ელჩის განცხადების საპასუხოდ, საპროტესტო მოძრაობამ „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ ჰკითხა ელჩს, თურქეთის სახელმწიფოს თუ ურჩევდა „მსგავსი კაბალური კონტრაქტის დადებას უცხოურ კომპანიასთან, რაც საქართველოს სახელმწიფომ დადო კომპანია „ენკასთან“ და ასევე თავად კომპანია „ენკას“ ეკისრება გარემოზე ზემოქმედების კვლევის წარმოება თუ აქტივისტებს“.
„თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, თავის გამოსვლაში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობას კიდევ ერთხელ უსინდისოდ სდებს ბრალს თურქოფობიაში, ხოლო დისკრედიტაციისთვის იყენებს მოსახლეობაში არსებულ რელიგიურ და ეროვნულ მოტივებს და ამასთანავე, გვატყუებს, რომ რეალურად, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა იმაზე მცირეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს“, – აცხადებს მოძრაობა.
ადგილობრივმა აქტივისტმა მაკა სულაძემ, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის თავისი მიწის გაყიდვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, განაცხადა: „ქალბატონო ფატმა, გაგიკვირდებათ და გულზე ჯვარს ვატარებთ პროტესტის მონაწილეები“.
„მე კი ის გამიკვირდა ოპოზიციის წევრი ვყოფილვარ და არ ვიცოდი“, – წერს აქტივისტი ირონიულად და თურქეთის ელჩის ვიდეოს აზიარებს.
უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ღიად გააკრიტიკა ჰესის მოწინააღმდეგეები „ქსენოფობიური“, „ანტითურქული“ და „ჰომოფობიური“ განწყობების გამო.
მოძრაობის ორგანიზატორმა აქტივისტებმა არაერთხელ უარყვეს ბრალდებები და შიში გამოთქვეს, რომ ამგვარი ბრალდებები ხელისუფლებამ, შესაძლოა, საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით არასათანადოდ გამოიყენოს.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.
ასევე წაიკითხეთ:
- ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
- ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა
- ეკონომიკის მინისტრი: ნამახვანის კაშხალი და წყალსაცავი უსაფრთხოებაზე დამატებით შემოწმდება
- ნამახვანში ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
- ადგილობრივთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ნამახვანი ჰესის მშენებლობა განახლდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)