Site icon Civil.ge

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია მთავრობის კანცელარიის წინ, 17 მაისი, 2017, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ განაცხადა, რომ 25 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად პირველად აღიარა.

ორგანიზაციის თქმით,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დააკმაყოფილა ტრანსგენდერი ქალის მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა. ამ უკანასკნელმა ასევე წარადგინა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„აღნიშნული პრაქტიკა ზღუდავს იმ ტრანსი ადამიანების გენდერის სამართლებრივად აღიარების უფლებას, რომელთაც არ სურთ ჩაიტარონ ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურები და რაიმე ტიპის ინვაზიური ჩარევა მოახდინონ საკუთარი სხეულის ავტონომიაში“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ ამით ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს.

ამჟამად, ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმე, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლაზე უარი იმ მოტივით უთხრათ, რომ მათ სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია არ ჰქონდათ გაკეთებული, სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილვას ელოდება. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სხვა საქმის განხილვისას დაადგინა, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა (მუხლი 8).

ორგანიზაციის თქმით, გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესის დაურეგულირებლობა ზრდის ტრანსი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)