Site icon Civil.ge

გაზ. „კომუნისტი“: ევროპაში მოხეტიალე ავანტიურისტები

ევროპელ სოციალისტთა ოფიციალური შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან. ცენტრში ნოე ჟორდანია, მისგან მარჯვნივ ისიდორე რამიშვილი და ემილ ვანდერველდე. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 12 მარტი, N33

ევროპაში მოხეტიალე ავანტიურისტები

საქართველოს რევოლუციური მუშები და გლეხები არასოდეს არ იტყუებოდნენ თავის იმ ჭეშმარიტ განზრახვების შესახებ, რომლებიც ამოძრავებდნენ საქართველოდან გაქცეულ ყოფილ მენშევიკურ მთავრობასა და მის ირგვლივ შემოკრებილ კომპანიას. ხალხი, რომელიც წყევლა-კრულვით იხსენიებდა „აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“ [კომუნისტებს], ხოლო მუდამ ბუნებრივ მოკავშირეთ სახავდა დასავლეთის იმპერიალისტებს და მათგან ელოდა ლოცვა-კურთხევას თავის კონტრ-რევოლუციონურ მოღვაწეობაში, ცხადია, გაჭირვების ჟამს პირს იზამდა მათკენ. ეს ასეც მოხდა. ისინი გაიქცნენ თავისიანებისაკენ და დაეხეტებიან დღეს ევროპაში რეალური დახმარების საძებრათ, დანგრეული ტახტის რესტავრაციის მოსამზადებლათ. ამ კეთილშობილ ზრახვების განსახორციელებლათ, მათ იპოვნეს „გზა თელილი“ თავის ღირსეულ წინაპრების, დენიკინის და ვრანგელის მიერ.

ვალიკო ჯუღელის განცხადებები და ცნობები, რომლებიც ჩვენ მოგვეპოვება საზღვარგარეთის პრესიდან, ნათლათ მოწმობენ იმ შავი საქმეების შესახებ, რომელსაც სისტემატიურათ ამზადებენ იმპერიალისტური მინისტრების სასახლეებში მოხეტიალე ავანტიურისტები. ხალხის მშვიდობიანობაზე წამდაუწუმ მოლაყბეები, ისინი არ ერიდებიან ამ ხალხის დღეს ერთნაირ კალაპოტში ჩამდგარ ცხოვრების აფორიაქებას; მისი ეკონომიური და ფიზიკური არსებობისათვის მუდამ „თავდადებულნი“ ისინი დღეს ბურჟუაზიული მინისტრების კაბინეტებში ქმნიან პლანებს, ქსოვენ სამხედრო ავანტიურის ქსელებს, რომ სრულიად გაანადგურონ ქართველი მშრომელი ხალხი ეკონომიურათ და ფიზიკურათ, სისხლში ჩაახჩონ, თუ მოახერხეს, მისის განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამნაირათ ეს ხალხი არაფრის, არც ერთი დანაშაულობის წინაშე არ იხევენ, ოღონდ დაიბრუნონ ძველი ბატონობა, გაამაგრონ აღმოსავლეთში ფესვებ-შერყეული იმპერიალიზმი, მოუმზადონ სამხრეთით და აღმოსავლეთით საფრთხე რუსეთის რევოლუციონურ პროლეტარიატს და გლეხკაცობას.

ობიექტური მდგომარეობა დასავლეთ ევროპის ისეთია, მისი იმპერიალისტების სამხედრო ძალები იმდენათ ჩაბმულნი არიან თავის საკუთარ საგმირო საქმეებში, ცენტრალური ევროპის სრულიათ გასასრესათ და რევოლუციონური მუშები შეუჩერებელი მოძრაობის ჩასაქრობათ, რომ დიდი კითხვის ნიშან ქვეშ აყენებს ჩვენი „ემიგრანტების“ ასეთ ცდას. მათ ეწვევათ იგივე ბედი, რაც ეწვიათ დღემდის მათ ღირსეულ წინაპრებს, მარა ამისთვის საჭიროა შეუჩერებელი აგიტაცია, ევროპის ამხანაგების ფართო ინფორმაცია, რადგან სწორეთ ამ წრეების ჩამორჩენილი ნაწილების მეოხებით. მათი დატყუებით სცდილობენ მენშევიკები მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია თავის მიზნების სასარგებლოთ. ამ მხრივ ფრიად თანადროულია საქართველოს რევკომის მოწოდება, რომელიც ზემოთ არის მოთავსებული [რევკომი მოწოდებას უგზავნიდა ევროპელ მუშებს, რომელშიც სოციალ-დემოკრატებს მემარჯვენე იპერიალისტების ლაქიებად და კონტრრევოლუციონერებად მოიხსენიებდა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ჩვენი თანამოაზრეები საზღვარ-გარეთ შეეცდებიან ბოლო მოუღონ მენშევიკების კონტრ-რევოლუციუონურ აგიტაციას, ხოლო ჩვენმა ადგილობრივმა ამხანაგებმა საქართველოში უნდა მიიღონ სათანადო ზომები იმ პრაქტიკული „მუშაობის“ წინააღმდეგ, რომელსაც იწყებენ ძველი მთავრობის აქ დარჩენილი აგენტები.

როგორც ლეგალური, ისე მათი არალეგალური მუშაობა ერთ მიზანს სცემს. მოამზადონ, თუ ეს შესაძლებელია, რამიშვილ-კედიას „მეორეთ მოსვლა“ და სამარე გაუთხარონ მუშურ გლეხურ მთავრობას საქართველოში. ჩვენ ერთ წამსაც არ უნდა გავუშვათ მხედველობიდან ზემოთქმული, როდესაც სიტყვას გვიგდებენ მენშევიკური ორგანიზაციების ლეგალიზაციის შესახებ საქართველოში. გამარჯვებულ მუშურ-გლეხურ რევოლუციას იმიტომ არ ჩაუბარებია ძალაუფლება თავის ახალ ორგანოსთვის, რომ მან რაიმე გასაქანი მისცეს კონტრ-რევოლუციის აგენტებს საქართველოში და სისრულეში მოიყვანიოს საზღვარ-გარეთ გაფანტული ავანტიურისტების რეაქციონური მიზნები. ამას უნდა მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება იმ უწყებებმა, რომლის უშუალო კომპეტენციაში შედის ამ საქმის მოგვარება.