Site icon Civil.ge

პოლიტიკოსები IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ

ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 23 თებერვალი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ (IRI) 5 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ახალი არჩევნების ჩატარებაზე მოქალაქეების აზრი თანაბრად იყოფა, ამასთან მოსახლეობა პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ. კვლევის შედეგებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

კვლევისთვის საჭირო საველე სამუშაოები 2-26 თებერვლის პერიოდში, ნაწილობრივ იმ დროს ჩატარდა, როდესაც გიორგი გახარიამ 18 თებერვალს პრემიერის პოსტი დატოვა და მისი თანამდებობა 22 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა. ამასთან, 23 თებერვალს პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავეს.

საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ პერიოდშიქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომლის თაოსნობითაც 1 მარტს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესი დაიწყო. ამასთან, 6 მარტს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა. 12-31 მარტს ევროპული მედიაციის მეორე ცდაც უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო და გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დარჩენის შესახებ განაცხადა.

ქვემოთ IRI-ის გამოკითხვაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შემფასებებია მოცემული.

ქართული ოცნების შეფასება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „როდესაც კვლევა ტარდებოდა, ამ დროის განმავლობაში, გიორგი გახარია იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი. ბუნებრია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი რეიტინგი და ისევ კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა… რაც შეეხება, ქართული ოცნების მხარდაჭერას, ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ ეს მხარდაჭერა არის ძალიან მყარი და სტაბილური”.

შალვა პაპუაშვილი – ქართული ოცნება:კვლევები არ არის საჭირო, ყველა ვატყობთ განწყობაზე ჩვენი ახლობლების, მოქალაქეების, მეზობლების. ხომ ვხედავთ, რა არის განწყობა საზოგადოებაში. ეს განწყობა, რომ თითქოს მოქალაქეებს სურთ რიგგარეშე არჩევნები, არის ტყუილი ნარატივი. გარდა გარკვეული დახურული წრისა, სოციალური თუ ისე მედიისა, ეს აზრი საზოგადოებაში არ არის მხარდაჭერილი“.

დავით მათიკაშვილი – ქართული ოცნება: „საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ზოგადად არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით. ამ კითხვის ნიშნებს გააჩნია აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი, რადგანაც საველე სამუშაოებს IRI-ის კვლევებთან მიმართებით ასრულებს ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ორგანიზაცია. […] არის რადიკალური სხვაობა ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის რეიტინგის კუთხით დღესაც. ეს ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის მხარდაჭერილი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ცხადყოფს, რომ საზოგადოების დაკვეთას არ წარმოადგენს ქუჩის პოლიტიკის წარმოება, არამედ პირიქით, ოპონირება პარლამენტში“.

ოპოზიციის შეფასება

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „რთულია, რომ ვიმსჯელოთ ამ კვლევის შედეგებით, იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა კვლევის ჩატარების შემდეგ. საზოგადოებას, ცხადია, ურჩევნია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, თუმცა ამავე დროს, ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი. ფაქტობრივად, ჩვენი ამომრჩევლის ნახევარს სურს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი ვადამდელი არჩევნები“.

ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საველე სამუშაოები ჩატარებულია მთავარ საკვანძო მომენტამდე, რაც იყო გახარიას გადადგომა და მელიას დაკავება. შესაბამისად, ამ ნაბიჯის შემდგომ, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი და სიის პირველი ნომერი გადადგა, ვინც იყო კამპანიის ხელმძღვანელი და თან ყველაზე რეიტინგული ფიგურა, ამან კიდევ უფრო ვალიდური გახადა ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების თაობაზე, იმიტომ, რომ მანდატი არ ჰქონია ღარიბაშვილს ოცნების მხარდამჭერებისგანაც კი“.

ანა ნაცვლიშვილი – ლელო საქართველოსთვის: „ერთი წუთით, რომ პოლიტიკური კრიზისი გადავდოთ გვერდზე, ციფრები, რომლებიც აჩვენებს, რამდენად დახლეჩილია საზოგადოება, ანუ პოლარიზაციის დონე, ეკონომიკაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა – ეს ციფრები აჩვენებს, მათ შორის, რომ ომის შემდეგადაც კი ასეთი დეპრესიული და იმედგაცრუებული მდგომარეობა ქვეყანაში არ ყოფილა. […] გადატვირთვა გვჭირდება, ყველა მიმართულებით“.

გიორგი გახარიას სავარაუდო მომავალი გუნდის შეფასება

კახაბერ ქემოკლიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი: „ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი – პოლიტიკური ფიგურების პერსონალური რეიტინგი – იყო შეგნებულად ნაკლებად აქცენტირებული. პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი. ეს ტენდენცია პირდაპირპროპორციულად აისახა ამავე კვლევით ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)