Site icon Civil.ge

10 აპრილი, 1921: თბილისში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა გაიმართა

კარლ კაუცკი ხვდება ქართველ სოციალ-დემოკრატებს, 1920 წ. ფოტო ეროვნული არქივიდან.

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 14 მარტი, N35

პოლიტიკური გაიძვერობის ნიმუში

[1921 წლის 10 აპრილს თბილისში, სახაზინო თეატრში საბჭოთა საქართველოს რევკომის ნებართვით სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას დამფუძნებელი კრების წევრი ვლადიმერ ჯიბლაძე თავმჯდომარეობდა. კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია „დემოკრატიის გზით სოციალიზმისაკენ“. რეზოლუცია 7 პუნქტისგან შედგებოდა და სახავდა საბჭოთა ხელისუფლებასთან დამოკიდებულების გეგმას. სოციალ-დემოკრატიული პარტია რევკომს მოუწოდებდა საქართველოში გამართულიყო დემოკრატიული რეფერენდუმი საბჭოთა ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ხალხი მხარს დაუჭერდა საბჭოთა ხელისუფლების არსებობას პარტია დებდა პირობას, რომ ლეგალურად გააგრძელებდა მუშაობას და ძალადობრივი და არალეგალური გზით არ დაუპირისპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. საბჭოთა რევკომმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოთხოვნაზე უარი განაცხადა და საპასუხოდ 1921 წლის აპრილიდანვე მკაცრი რეპრესიები დაიწყო პარტიის ლიდერებისა და რიგითი წევრების მიმართ – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ოთხი წლის დაუსჯელი თარეშის შემდეგ, რომელმაც საქართველო გახადა საერთაშორისო იმპერიალიზმის საჯიჯგნათ, მოსწყვიტა მისი მშრომელი მასები რევოლუციონური პროლეტარიატის საერთო ოჯახს და არა ერთხელ ავაზაკურათ შეღება ჩვენი ქვეყანა მისი სისხლით, მენშევიკური პარტია თავის მთავრობით შეიქმნა ხალხის მიერ ისტორიის ნაგავში გადატყორცნილი.

მეზობელ მშრომელთა რესპუბლიკების ძმური დახმარებით ამდგარი საქართველოს პროლეტარიატი და ღარიბი გლეხკაცობა ეს ორი თვეა დღესასწაულობს თავის ბრწყინვალე გამარჯვებას მის ყოფილ ჯალათებზე და ჩაბმულია დღეს სხვებთან ერთათ ახალი ცხოვრების აღმშენებლობის პროცესში, საერთაშორისო რევოლუციონური ბრძოლის ფერხულში პროლეტარიატის საბოლოო მიზნების განსახორციელებლათ და მსოფლიო კონტრ-რევოლიუციის შესამუსრავად. ამ თავის ახალ გზაზე მას ჰყავს ბევრი მეგობარი, მისი თანამებრძოლთა გმირული გამარჯვების ყიჟინით მოცულია დღეს მთელი ჩვენი პლანეტა, მარა იმავე დროს მასვე უხდება გასწორება მის წინააღმდეგ მოზღვავებულ დაუნდობელ მტერთა ლეგიონებისათვის, რომელთა ცეცხლის და რკინის რკალი მას დღესაც გასარღვევი აქვს სამშვიდობოზე გასასვლელათ და სბოლოოთ გასამარჯვებლათ. ამ თავიდან ფეხებამდი შეიარაღებულ ჯალათ მტერთა ლაშქრის ერთი რაზმია ის მენშევიკური პარტია, რომელიც სასტიკათ დამარცხდა, მარა ჯერ კიდევ არ მოსპობილა საქართველოში და მისი მეთაურია დღეს ევროპაში გაქცეული და იქ დახმარების საძებრათ მოხეტიალე ყოფილი მთავრობა ჟორდანია-რამიშვილის ხელმძღვანელობით.

გაქცეულების მიზანია, მსგავსათ მათზე უკვე ადრე საზღვარგარეთ „გასტუმრებულ“ რუსეთის შავი რეაქციის მოციქულთა, დენიკინელების და ვრანგელისა, დარაზმონ ახალი ძალები ევროპის ნაძირალა პოგრომშჩიკებისა და მათი დახმარებით შემოესიონ რუსეთს, მის თანამებრძოლ საბჭოთა კავკასიის და კერძოთ საქართველოს შრომელ ხალხს თავის სისხლიანი ტახტის ხელახლა აღსადგენად, მით ჩვენი ქვეყნის ფაქტიურათ ასაოხრებლათ, მის ქონების გასაპარტახებლათ, დაბოლოს, მის ფიზიკურათ გასაჟლეტათ გასანადგურებლათ. ხოლო რომ ასეთი იქნება შედეგი თავის ავანტიურის ამაში ისინი წინდაწინვე დარწმუნებული არიან, რადგან იციან, რომ თავის ნებით ხელფეხ შეკრული სასაკლაოზე მათ არავის გაჰყვება. ამნაირათ ისინი შეგნებულათ უმზადებენ საზღვარგარეთიდან ჩვენს ხალხს სისხლის აბანოს და ასეთ სამზადისში მათ დამხმარეთ ჰყავთ დღეს საქართველოში შემორჩენილი აგენტურა მენშევიკური ორგანიზაციების და მათ დღეს აქ მყოფი მეთაურების, ყველა ამ დევდარიანების, რამიშვილების, ჯიბლაძეების, ნინიძეების და სხვათა სახით.

ჩვენ ხალხის და რევოლიუციის მოსისხლე მტერთა დღეს ამ ორათ გაყოფილ რაზმებს შორის, რომელთაგანაც ერთი იმყოფება გარეთ, მეორე – შიგნით, საქართველოში სრული თანხმობაა მიზანში, ასეთივე თანხმობაა ამ მიზნის მისაღწევ საშვალებათა გამონახვაში. ორივე იძულებულია თავის შავი ზრახვების განხორციელებლათ მიმართოს ძალას. ხოლო ადგილ-მდგომარეობის პირობების გამო, გაქვეულები გარედან უმზადებენ სიკვდილის საფრთხეს ქვეყანას, დარჩენილები კი აქ ამზადებენ ნიადაგს ამ სიკვდილის მოსახლოებლათ.

ამ სამზადისის პირველი საჯარო ნიმუში მოგვცა წარსულ კვირას, 10 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საოპერო თეატრში რევოლუციონური კომიტეტის ნებართვით შეკრებილმა მენშევიკური ორგანიზაციების წევრთა კრებამ, რომელსაც თათბირი ჰქონდა მიმდინარე მომენტისა და მათი პარტიის მდგომარეობის შესახებ ახალ შექმნილ პირობებში.

თათბირის შემდეგ გამოტანილი რეზოლუცია არის შესანიშნავი ნიმუში უმაგალითო გაიძვერაობის და პოლიტიკური მაკიაველიზმის, რომელიც მუდამ დამახასიათებელი იყო ამ პარტიისა, როგორც რუსეთში, ისე ჩვენში, როგორც წარსულში, ისე დღეს. ისინი პირდაპირ არ ლაპარაკობენ, ვერ ლაპარაკობენ, ვერ ააშკარავებენ თავის ლეგალური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით იმას, რასაც აცხადებენ საქვეყნოთ, აკეთებენ ყველას დასანახავათ მსგავსი ზრახვებითვე ამოძრავებული მათი მეთაურები და მეგობრები ევროპაში. საქართველოში დარჩენილი მენშევიკები ბუნებრივია, თავს გრძნობენ იარაღში ჩამჯდარ მტრის ბანაკში, ამიტომ მათ სიტყვა ებორკებათ, აზრი მათ „შეზღუდულია“, ნაბიჯი „გაუბედავი“. მაგიერათ სიტყვა და საქმე გაქცეულების აღბეჭდილია მაგარი კურსით, გარკვეული ნების ყოფით, რადგან თავს გრძნობენ იმ ძალების კალთებ ქვეშ, რომლებმაც მათ გამარჯვება უნდა მიანიჭონ საქართველოს დამარცხებით, მისი ხალხის აწიოკებით.

ჩვენ შემთხვევა მოგვეცემა დავუბრუნდეთ მენშევიკურ თათბირის მიერ გამოტანილ რეზოლუციას. ხოლო გვსურს ავღნიშნოთ აქ ის, რომ ლეგალური მუშაობაზე, ინტერნაციონალის გავლენაზე ლაპარაკით, აჯანყების გზის თითქოს უარყოფით, ჩვენებური მენშევიკები შეცდომაში ვერ შეიყვანენ მათ, ვისაც რუსეთის ბრძოლის ოთხი წლის განმავლობაში საკმაო საბუთი ჰქონდათ დარწმუნებულიყვნენ, თუ რა იმალებოდა მსგავს ლათიაებში და რა ავანტიურებს აწყობდენ ისინი საქმის სიტყვების ასეთ კორიანტელის დროს.