არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა ზეწოლის/მუქარის/მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების სიმრავლემ, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა „მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა“.
7 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია, საპარლამენტო არჩევნებამდე განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები „წინ გადადგმული ნაბიჯი“ იყო, კვლავ უცვლელი დარჩა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რამაც „დატოვა კითხვები საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ“.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემები არა გადათვლის საფუძველზე, არამედ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წერილობით ან/და ზეპირ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით სწორდებოდა, რაც „მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს“. ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ საჩივრებზე საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთო სასამართლოების რეაგირების პროცესი ასევე ვერ აკმაყოფილებდა საარჩევნო დავების მოგვარებისთვის დაწესებულ სტანდარტს.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას სოციალურ დახმარებას ურიგებდნენ, რამაც, თავის მხრივ, წაშალა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „სკოლები და მათი ადმინისტრაცია, კვლავ, პოლიტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა“, მიუხედავად საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებისა, რომლის საფუძველზეც, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალათ.
ორგანიზაციის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება და მუქარა, განსაკუთრებით რეგიონებში, საარჩევნო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩებოდა. ამასთან, ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. „მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ქალი კანდიდატების მიმართ არაკეთილგანწყობილი გარემო, რაც, ხშირად, გამოიხატებოდა სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკრედიტაციითა და მუქარით“, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება არჩევნების დღეს საავრჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე მასობრივი სახე ჰქონდა პარტიული აქტივისტების მობილიზებასა და ამომრჩეველთა აღრიცხვას. „ეს პრაქტიკა, წლებია, პრობლემას წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმი“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული და წინასაარჩევნოდ დახარჯული ფინანსები „მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოპოზიციური პარტიების რესურსებს“ და, შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტებს ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, „არსებითად არათანაბარ პირობებში უხდებოდათ კამპანიის წარმოება“.
პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, უმეტესად, უარს აცხადებდნენ დაპირისპირებულ ძალასთან აფილირებული საინფორმაციო პლატფორმების გამოყენებაზე. შედეგად, დოკუმენტის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა „უკიდურესი პოლარიზაციით“, ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოესმინა პოლიტიკური პროგრამები და გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანი არჩევნები“ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილ დისბალანსზე
- „სამართლიან არჩევნებს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
- IRI-მ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა
- „ოდირმა“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)