საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მდინარე ენგურში დამხრჩვალ საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას.
„დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებს „ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეული სირთულეების გადალახვას ცდილობს“.
თავის მხრივ, საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მომხდარი „ნათლად წარმოაჩენს“ უკანონო ოკუპაციის „ადამიანურ საფასურს“ და ოკუპირებული რეგიონების „მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას“. „წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბლისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის მიმოსვლა 2020 წლის თებერვლიდან მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
ოპოზიციის გამოხმაურება
მომხდარი ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას დაუკავშირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. მისი თქმით, მთავრობამ „ჩვენი გალელი მოქალაქეები“ საოკუპაციო რეჟიმის ანაბარა მიატოვა. მისივე განცხადებით, ასევე „გაუსაძლისია, ის საკარანტონო ზომები“, რომლებიც ხელუსუფლებამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის დააწესა.
ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ როგორც ჩანს, „ჩვენმა თანამოქალაქეებმა“ ოკუპირებული რეგიონიდან შემოვლითი გზებით გადმოსვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ იცოდნენ კარანტინში მოხვდებოდნენ. მისივე განცხადებით, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის წესი არის შესაცვლელი და მათ ხელისფულებამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება კოვიდ-19-ის ტესტის საფუძველზე უნდა დართონ.
აფხაზეთის ხელისუფლებამ 2021 წლის თებერვალში, ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები გარკვეული კატეგორიებისთვის, მათ შორის, მოხუცების, პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის შეამსუბუქა. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულთათვის საკარანტინო პერიოდი 12-დან 5 დღემდე შეამცირა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)