საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 7-9 აპრილს პირველი სამუშაო ვიზიტით ლატვიასა და ლიეტუვას სტუმრობდა, სადაც იგი შეხვდა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს, თავდაცვის მინისტრ არტის პაბრიკს, საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს და სეიმის სპიკერ ინარა მურნიეცეს, ასევე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრ არვიდას ანუშაუსკასს და სეიმას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე ნილსენს შეხვდა.
ლატვიის თავდაცვის მინისტრ არტის პაბრიკსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები და გლობალური უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ბურჭულაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის „მნიშვნელოვან წვლილს“ გაუსვა ხაზი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
ლატვიის სეიმის სპიკერ ინარა მურნიეცესთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებზე ისაუბრეს და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურასა და ამ კუთხით ნატოს მნიშვნელოვან როლზეც იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.
Delighted to meet Georgian Defense Minister Juansher Burchuladze, I reiterated #Latvia’s support to #Georgia, especially its European and Euroatlantic path. We discussed regional security situation and internal political developments in Georgia 🇱🇻 🇬🇪 pic.twitter.com/oxdcLZoeXu
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) April 7, 2021
ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე. მინისტრმა ბურჭულაძემ ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატოს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრიც მოინახულა.
ამის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია ვილნიუსს ეწვია, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლიეტუველმა კოლეგამ, არვიდას ანუშაუსკასმა უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების და გლობალური უსაფრთხოების გარდა, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზეიმსჯელეს.
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვისმინისტრის მოადგილეებმა, ლელა ჩიქოვანმა და მარგირის აბუკევიჩიუსმა საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
ასევე წაიკითხეთ:
- თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს პარტნიორობასა და შეიარაღების ადგილობრივ წარმოებაზე საუბრობს
- საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)