აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც 2017 წლის მაისში, მისი თბილისიდან გაუჩინარების შემდეგ, საქართველოს პირველად სტუმრობს, დღეს განაცხადა, რომ მისი „გატაცება“ აზერბაიჯანული მხრის დაკვეთა იყო და ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა იცოდნენ.
მუხთარლის თქმით, მას აზერბაიჯანელი მაღალი რანგის ჩინოვნიკმა უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ქრთამის სახით 3 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ გამტაცებლებზე ქართული კრიმინალური პოლიციის სამკერდე ნიშნები ამოიცნო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty Inrernational-მა მაშინ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.
მუხთარლიმ, რომელმაც თავშესაფარი გერმანიაში მიიღო, განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ქართულმა ავიაკომპანიამ მისი ბილეთი გააუქმა. მაშინ „ქართულმა ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ მუხთარლის მომსახურებაზე უარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო უთხრეს, რამდენადაც იმ დროისთვის აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლა აკრძალული იყო.
დღეს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლამდე, მუხთარლიმ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, თუმცა დაამატა, რომ იგი გამოძიებას მის გატაცებაში ჩართული პირების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხრიდან. გენერალურ პროკურატურაში ოთხსაათიანი დაყოვნების შემდეგ, მუხთარლიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ დროის განმავლობაში, მისთვის გამოძიებას კითხვები არ დაუსვამს, რამდენადაც მას აზერბაიჯანულის ნაცვლად თურქულენოვანი მთარგმნელი დაახვედრეს და კომუნიკაცია ვერ შედგა. მისივე თქმით, იგი პროკურატურაში ხვალისთვის დაიბარეს.
მუხთარლის საქმეზე, საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს. 2017 წლის ივლისში საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გენერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. მაშინ თანამდებობები შსს-ის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმაც დატოვეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეზე დაუსჯელობა პრობლემად დარჩა.
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუხთარლის ბრალდებას „სრული აბსურდი“ და „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა. ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ბრალდებისათვის ამ დრომდე არ უპასუხია.
ასევე წაიკითხეთ:
- სახალხო დამცველი მუხთარლის საქმეს ეხმაურება
- აფგან მუხთარლის მეუღლე მასზე თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)