საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დროებითი ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ერთწლიან სამუშაო პროგრამაზე ელექტრონული რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 2021 წლის განმავლობაში პროგრამით სარგებლობას საქართველოს 1 000 მოქალაქე შეძლებს. შერჩეულ კანდიდატებს სამუშაო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება ექნებათ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების პროგრამით სარგებლობას 25-დან 45 წლამდე მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული მოქალაქეები შეძლებენ, რომელთაც არ აქვთ კრიმინალური წარსული და ფლობენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დიპლომს/სერტიფიკატს. ამასთან, კანდიდატებს ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა მოეთხოვებათ.
აგრეთვე, დასაქმების მსურველები უნდა იყვნენ „ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელნი“ და ისრაელში მუშაობისა და უნებართვოდ ცხოვრების ისტორიის არმქონენი. ამასთან, კანდიდატს არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში.
შერჩეული კანდიდატები კვირაში 42 საათიანი სამუშაო დატვირთვის შემთხვევაში, ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 5300 შეკელს (1 610 აშშ დოლარს), 58 საათიანი დატვირთვის შემთხვევაში კი – 8 023 შეკილს (2 440 აშშ დოლარს) მიიღებენ. ამასთან, კანდიდატი ისრაელში ჩასვლის შემდეგ, თანახმა უნდა იყოს კოვიდ-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესახებ განცხადება 9 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიასა და საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
ასევე წაიკითხეთ:
- გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 000 მოქალაქე შეძლებს
- საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)