Site icon Civil.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში თვითმმართველობის „არჩევნები“ ჩატარდა

"არჩევნები" აფხაზეთში, ფოტო: aiaaira.com

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 აპრილს ჩატარებული „არჩევნებით“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მომდევნო ოთხი წლის ვადით აირჩიეს. „არჩევნები“ აქამდე ორჯერ გადაიდო – პირველად განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნების“, ხოლო მეორედ რეგიონში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, თვითმმართველობის ორგანოებში არსებული 179 ადგილისთვის 270 კანდიდატი იბრძოდა.

ამავე ინფორმაციით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა – 58% (900 ამომრჩეველი) გალში დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობასაც ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ გალის მკვიდრი 30 000-მდე ეთნიკურად ქართველი ხმის მიცემის უფლებას მოკლებულია, რადგანაც მათ 2014 და 2017 წლებში „აფხაზეთის მოქალაქეობა“ ჩამოართვეს.

გავრცელებული ცნობებით, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის (სავალდებულო 25%-ზე დაბალი) სოხუმის 19 საარჩევნო ოლქიდან ოთხში „არჩევნები“ არ შედგა. განმეორებითი „არჩევნები“ არაუგვიანეს ორ თვეში უნდა გაიმართოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის „არჩევნების“ წინასწარი შედეგები დღეს უნდა გამოცხადდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს გმობს ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნისა (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა), რომელთაც ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)