Site icon Civil.ge

ნამახვანში აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ დაძაბულობა გაამწვავა 

პოლიცია ნამახვანში აქტივისტების კარვებს შლის, 11 აპრილი, 2021, ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

რიონის ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ დაშალა კარვები, სადაც აქტივისტები 160 დღეზე მეტხანს ხეობაში ნამახვანჰესის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვინაიდან ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც, შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს, „აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“ კარვების აღება გახდა საჭირო.

კარვების აღებამდე პოლიციამ აქტივისტები, რომლებიც თბილისიდან ჩავიდნენ, სოფელ ნამახვანში პროტესტის ადგილას არ შეუშვა. პოლიციას მთელი ხეობა, მათ შორის, ჰესის მშენებლობის ადგილი, ბლოკირებული აქვს, ხოლო 3 აპრილს ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფელ გუმათში საგუშაგოც კი მოაწყო.

აქტივისტები შსს-ს ვერსიას შესაძლო დატბორვის შესახებ არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ. წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ადგილობრივები სოფელ ნამახვანში ალტერნატიულ ადგილას აპირებდნენ კარვების გადატანას, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აქციის მონაწილეებს „აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“.

პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ის ადგილი, სადაც კარვები იყო განთავსებული, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ლალი ეფრემიძის საკუთრებაა. მათი თქმით, პოლიცია კერძო საკუთრებაში შევიდა. თუმცა, კომპანიამ Enka Renewables, რომელიც  ჰესის მშენებლობას კურირებს, განაცხადა, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან. მისივე თქმით, კომპანია დაახლოებით 70 000 ლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით ეფრემიძის დისშვილს, რომელიც აღნიშნული მიწის „ფაქტობრივი მოსარგებლე“ იყო. 12 აპრილს აქტივისტებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ნაჩვენებია, რომ ღამით ეფრემიძის მიწა გადათხარეს, რათა აქტივისტებს კარვები აღარ გაეშალათ.

ინფორმაცია თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ და განცხადებები ალკოჰოლის ჩადებაზე

აქტივისტებმა შეშფოთება გამოხატეს იმ ინფორმაციის თაობაზე, რომ თითქოს კარვების აღებისას იქ  ალკოჰოლური სასმელების ბოთლები იპოვეს. მათი თქმით, ეს ბოთლები ხელისუფლებამ მათ განზრახ ჩაუდო მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით. აქტივისტების განცხადებით, ისინი კარვებში მკაცრ წესებს იცავდნენ და სადილადაც კი არ სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ კარვების აღება და ბოთლების ამოღება საეჭვოდ მოჰყვა ერთი დღით ადრე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კარავში მორიგეობისთვის რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა რიონის ხეობაში, მდინარე რიონში გადახტა და გაუჩინარდა. აქტივისტების თქმით, სახელისუფლებო მედია იტყობინებოდა, რომ ეს მამაკაცი მდინარეში გადახტომისას, შესაძლოა, ნასვამი იყო და თვითმკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

მამაკაცის სამძებრო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს.

გადაადგილების თავისუფლების და მედიის საქმიანობის შეზღუდვა

ხეობაში შემოღებული შეზღუდვები ჟურნალისტების საქმიანობასაც შეეხო. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გადამღები ჯგუფები გუმათის საგუშაგოზე არ გაატარა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განაცხადა, რომ დაუშვებელია მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, განაცხადა, რომ ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის მიზეზები უცნობი რჩება. კოალიციამ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ „იმოქმედოს ნამახვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით“.

შეზღუდვების საპასუხოდ, აქტივისტებმა, რომელთაც გუმათისკენ მოუწიათ წასვლა მას შემდეგ, რაც პოლიციამ კარვები დაშალა, 11-12 აპრილის ღამეს გზა გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ, თავდაპირველად, გააფრთხილა ისინი, რომ პროპორციულ ძალას გამოიყენებდა, თუ აქციის მონაწილეები გზას არ გახსნიდნენ, თუმცა შემდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავა.

ამჟამად, ადგილობრივი აქტივისტები, ჰესის სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად თბილისიდან, საპროტესტო აქციას სოფელ გუმათში მართავენ. ისინი ახლო მომავალში თბილისში გეგმავენ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია – თავისუფალი გადაადგილების აღდგენა, შეზღუდვების მოხსნა და სოფელ ნამახვანში, თუნდაც ალტერნატიულ ადგილას, კარვების გაშლაზე ნებართვა. მისი თქმით, გზის ჩაკეტვა რიონის ხეობის მცხოვრებთა უკმაყოფილებასაც იწვევს, ვინაიდან საგუშაგოს გავლა ზოგჯერ იმ ადგილობრივებსაც ეკრძალებათ, რომლებიც პირადი მიზნით გადაადგილდებიან.

ამბის წინაისტორია

პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე ზემოქმედებით ხსნიან.

ისინი ასევე ითხოვენ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას, რომლის ძალისხმევაც აქტივისტებთან მოლაპარაკებაში უშედეგოდ დასრულდა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)