თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 აპრილის გადაწყვეტილებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში დარჩა. შემდეგი სასამართლო სხდომა 29 აპრილს გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ორი შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მან არცერთი დააკმაყოფილა. მოსამართლე ჩახნაშვილმა უარყო სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის დაკითხვის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ წელიწადნახევრის წინ მიცემულ ინტერვიუში გულაშვილი ამბობდა, რომ ახლახან გადამდგარმა შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ მას პარლამენტის სათვალთვალო სისტემიდან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი „შვიდი მყარი დისკის“ განადგურება მოსთხოვა. მელიას წინააღმდეგ საქმე სწორედ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის აღძრული.
მოსამართლე ჩახნაშვილმა ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულებად დამატების შესახებ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 17 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საქმის განხილვისას, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავებას არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა აზრი 17:00 სთ-ზე შეიცვალა. ამის შემდეგ, ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ქართულმა ოცნებამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მის გამოცხადებამდე წინასწარ იცოდა. სასამართლომ მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება 22:20 სთ-ზე გამოაცხადა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს სასამართლო დარბაზიდან ნიკა მელია მას შემდეგ გააძევა, რაც ამ უკანასკნელმა მას „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ოპოზიციის მტკიცებით, იგი ე.წ. „სასამართლო კლანის“ ლიდერია.
პოლიტიკური შეფასებები
ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ხაზი გაუსვა, რომ „დღეს სასამართლომ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა პროკურატურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მზადაა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. მანვე ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ საუბრისას, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი უბრალოდ მოვლენების „შესაძლო“ განვითარებაზე მსჯელობდა და მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ ცნობილი არ იყო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის მსგავსად, დღეს მოსამართლემ „გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო ბიძინა ივანიშვილმა“. მანვე უარყო მმართველი გუნდის მტკიცება, რომ ნიკა მელიას საპატიმროს დატოვება გირაოს გადახდისთანავე შეუძლია და თქვა, რომ გირაო, როგორც აღკვეთის ღონისძიება არ არსებობს და ის მაშინ გაუქმდა, როდესაც სასამართლომ „ახალი აღკვეთის ღონისძიების სახით მას სასამართლომ პატიმრობა დაუწესა“.
ამბის წინაისტორია
სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა არჩევიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გაზრდილი გირაოს გადაუხდელობას ედავება.
პროკურატურამ ნიკა მელიას გირაო 40 000 ლარით მას შემდეგ გაუზარდა, რაც ამ უკანასკნელბა 1 ნოემბერს „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ გამათულ აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური პროტესტის ნიშნად მოიხსნა და გადააგდო. ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 30 000 ლარიანი გირაო უკვე გადახდილი აქვს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავებას წინ 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომა უძღვოდა, რომელმაც წასვლის მიზეზად მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან უთანხმოება დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროკავშირის მედიაციით ორჯერ ჩავარდნილი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)