შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს განაცხადა, რომ სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც კომპანია „ენკას“ ოფისის წინ 13 აპრილს ღამით პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250-დან 2 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი და ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დააბრკოლეს.
ინციდენტის ადგილიდან პირდაპირი ჩართვის კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას შემდეგ დააკავოს, რაც მან ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომლის გადადგომაც ნამახვანჰესის ოპონენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა.
ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა პოლიცია ძალის გამოყენებასა და აქციის მონაწილეებისთვის დაზიანებების მიყენებაში დაადანაშაულა. კიდევ ერთმა ადგილობრივმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა ასევე დაადანაშაულა პოლიცია „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში და აღნიშნა, რომ „ძალის გადამეტება ნამდვილად არ იყო საჭირო იმისათვის, რომ პოლიციას აქ წესრიგი დაემყარებინა“.
- არასამთავრობოები ნამახვანჰესის ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების „რეპრესიებს“ გმობენ
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: რიონის ხეობაში შსს აქტივისტების უფლებებს არღვევს
რიონის ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ 11 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა. შსს-მ ამის მიზეზად მდინარის შესაძლო ადიდება დაასახელა. აქტივისტები შესაძლო დატბორვის შესახებ შსს-ს ვერსიას არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
მას შემდეგ, რაც აქტივისტებს სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცათ, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ დაახლოებით ერთი კვირის წინ ბლოკპოსტი მოაწყო და მას შემდეგ ხეობაში შესვლა შეზღუდულია.
ასევე წაიკითხეთ:
- ნამახვანში აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ დაძაბულობა გაამწვავა
- ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას სამუშაოების განახლებას დაძაბულობა მოჰყვა
- ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
- ეკონომიკის მინისტრი: ნამახვანის კაშხალი და წყალსაცავი უსაფრთხოებაზე დამატებით შემოწმდება
- ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ახალი ჰესების საჭიროებაზე საუბრობს
- ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)