Site icon Civil.ge

შსს-მ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფოტო: კადრი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეოდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, გუშინ, გვიან ღამით, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის დაზიანების საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით (187-ე) დაიწყო, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1-3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია პარტიის ოფისის მინები და ჩამსხვრეულია ცენტრალური შესასვლელი კარი.

მომხდარში ნაციონალური მოძრაობის წევრები მმართველ პარტიას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ საჯარო მოხელეები“.

„თქვენ ხედავთ როგორ აქტიურად ემზადება აჭარა 15 მაისის აქციისთვის, ხელისუფლება ხედავს საშიშროებას და რუსული მეთოდებით ცდილობს დაშინებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა და დაამატა, რომ მათ საქმის სათანადოდ გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგანაც „ეს ყველაფერი იგეგმება სუს-ის კაბინეტებში და ქართული ოცნების შტაბებში“.

ოპონენტების ბრალდებებისთვის ამ დრომდე არ უპასუხიათ მმართველ გუნდში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)