ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა 18 აპრილს განაცხადეს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ახალ დოკუმენტს.
„ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა [პარლამენტის] კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი [ქმედება] ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს“, წერია განცხადებაში, სავარაუდოდ, 16 აპრილს ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ მიშელის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის 31 მარტის დოკუმენტის ცალმხრივად ხელმოწერასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიები დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერისაგან თავს იკავებენ, რადგანაც, მათი თქმით, 31 მარტის ტექსტი ორ საკვანძო საკითხს – ვადამდელ არჩევნებსა და „პოლიტიკური“ პატიმრების, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებას – არ ითვალისწინებს.
„თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად“, ნათქვამია საერთო განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ „შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა“.
მედიის ცნობებით, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მედიატორობით მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დღეს, 19:00 საათზე შეხვედრა გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)