ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელის ახალი წინადადება გაასაჯაროვა, რომელიც გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან შესთავაზა. ახალი დოკუმენტი ოპოზიციისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხს – „პოლიტპატიმრებისთვის“ ამნისტიასა და ხელახალი არჩევნების შესახებ ჩანაწერს შეიცავს, რაც 31 მარტს შარლ მიშელის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში არ იყო.
„პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას შესახებ ახალ დოკუმენტში წერია:
„ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.
ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე კი, რომელი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხია, დოკუმენტში ვკითხულობთ:
„ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს“. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში ხმების 48% მიიღო.
პირველ წინადადებასთან შედარებით, ახალ დოკუმენტში ჩადებული ორი საკვანძო საკითხი, სწორედ ის თემებია, რომლებზეც მრავალთვიანი მოლაპარაკების ფონზე ,მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის მთავარ დაბრკოლებად რჩება.
ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტისგან განსხვავებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო მექანიზმის შესახებ კიდევ ერთ ახალ ჩანაწერს შეიცავს განახლებული წინადადება.
კერძოდ მათი არჩევის პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება, მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, ხოლო შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა. ამასთან ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან. მეტიც, . არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება.
დოკუმენტში გენერალური პროკურორების არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო მექანიზმზეც არის საუბარი. კერძოდ – მისი არჩევვის პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდება, შემდგომ მცდელობებს კი -ხმების უბრალო უმრავლესობა. ამასთან, ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა, წინა კენჭისყრიდან. აგრეთვე, არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება.
შემდგომი ინსტიტუციური რეფორმირების კონტექსტში დოკუმენტში საუბარია ოპოზიციის როლის გაზრდაზეა საუბარი პარლამენტში, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, აგრეთვე სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაწილში.
31 მარტს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერებმა ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. 16 აპრილს, პრეზიდენტ მიშელის მიერ ახალი წინადადების შეთავაზებამდე ორი დღით ადრე, დოკუმენტს ცალმხრივად ხელი ქართულმა ოცნებამ მოაწერა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)