Site icon Civil.ge

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: www.rte.ie

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუკი მმართველი პარტია და ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ახალ კომპრომისულ წინადადებას ხელს მოაწერენ, იგი „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას შეიწყალებს, რომელსაც პატიმრობა გასული წლის ივლისში მიუსაჯეს.

პრეზიდენტის ბრიფინგამდე ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მზად არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რომელიც „პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული“ ორი საკითხის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეების მოგვარებასაც ეხება. დღეს ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ „არ დააფიქსირებს საკუთარ კრიტიკულ პოზიციას“, თუკი რურუას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს.

გამოსვლისას პრეზიდენტი კრიტიკული იყო მმართველი პარტიისადმი, რომელმაც მისივე თქმით, „არაერთხელ და ორჯერ ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას“. პრეზიდენტის განმარტებით, „შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან“.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი რურუა, რომელსაც „ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმარი“, შეწყალებას არ იმსახურებს, თუმცა დაამატა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის „საკუთარ შეხედულებებზე და პრინციპულობაზე მაღლა“ დგას. „ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

„[რურუას შეწყალებაზე] ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა“, – თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ იგი შეწყალების აქტს ამ განცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში ხელს მოაწერს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)