Site icon Civil.ge

ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოს ესტუმრება 

პრეზიდენტი შარლ მიშელი კომპრომისულ წინადადებაზე მხარეების მიერ ხელმოწერის შემდეგ პოლიტიკურ ლიდერებს მიმართავს, 19 აპრილი, 2021, ფოტო: კადრი „ტელეკომპანია პირველის“ ვიდეოდან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, იგი საქართველოში ჩამოვა.

პრეზიდენტ მიშელის თქმით, მისი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზი ქართველ პოლიტიკოსებთან შევედრა და იმის განხილვაა, „თუ როგორ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“.

აღნიშნა რა, რომ „პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია“, პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება არა საბოლოო პუნქტი, არამედ საწყისი პუნქტია. ის არის საწყისი პუნქტი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ხოლო საქართველო ევრო-ატლანტიკურ მომავალს დაუახლოვდეს“.

„რაც შეეხება მათ, ვინც ხელი არ მოაწერა… მინდა მოგიწოდოთ, რომ განიხილოთ მიერთების საკითხი საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული დემოკრატიული მომავლის ინტერესებისთვის“, – მიმართა მან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, რომლებიც მის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

შარლ მიშელმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული რეგიონული კონტექსტის ფონზე და ამის მაგალითად მთიანი ყარაბაღის ომი და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზება დაასახელა.

„ის გზა, რომლითაც თქვენ კრიზისი მოაგვარეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რეგიონულ კონტექსტში. ეს კრიზისის მოგვარების ნამდვილად ევროპული გზაა“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)