Site icon Civil.ge

ამერიკელი სენატორები ქართულ პარტიებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ 

აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბიკელმა რონ ჯონსონმა მოუწოდეს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი კომპრომისული დოკუმენტი შეასრულონ.

„საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე თვეა გრძელდება“, – აღნიშნა სენატორმა რიშმა 20 აპრილის განცხადებაში.

მისი თქმით, შეთანხმება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს. მან ასევე მოუწოდა მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რომ შეასრულონ შეთანხმება და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ.

„საქართველომ უნდა დაასრულოს პოლიტიკური დევნა და ძლიერი და წარმატებული საქართველოს მშენებლობის გზა აირჩიოს. ეს ქვეყანას სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა აშშ, მათ შორის, საქართველოს მეგობრები კონგრესში, ყურადღებით დააკვირდებიან მას“, – დასძინა სენატორმა რიშმა.

21 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი მიესალმნენ კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს, რომ შეთანხმება „სრულად ფუნქიონირებადი დემოკრატიის“ ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მათ შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი და მხარეებს „ქვეყნის სასიკეთოდ“ გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

„მზად ვართ საქართველოს ხელისუფლებას და მის ხალხს ისეთი ქვეყნის აშენებაში დავეხმაროთ, რომელიც საკუთარი მოქალაქეების საჭიროებებს მოემსახურება და გამჭირვალობას და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)