Site icon Civil.ge

ევროკავშირის კომპრომისულ წინადადებაზე ხელმოწერის გამო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

ოპოზიციის ლიდერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, 9 ნოემბერი, თბილისი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

მმართველ პარტია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ევროკავშირის წყალობით დადებული კომპრომისული შეთანხმების შემდეგ აზრთა სხვადასხვაობა ახლა უკვე ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე წარმოქმნა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტი სხვადასხვა პასაჟის გამო დაიწუნა და მასზე ხელმომწერი პირებიც გააკრიტიკა. რიგ შემთხვევებში კრიტიკის რისხვა თანაპარტიელებსაც დაატყდათ თავს.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის ახალ კომპრომისულ წინადადებას მანამდე ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა 16-მა დეპუტატმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. მოგვიანებით, მას კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა. დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერიათ – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოსა და ლეიბორისტულ პარტიას.

სალომე სამადაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ერთ-ერთია, რომელმაც დოკუმენტს ხელი პარტიისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალური დეპუტატის სტატუსით მოაწერა და თანაპარტიელების უკმაყოფილებაც ღიად დაიმსახურა. კრიტიკის საპასუხოდ, სამადაშვილმა თქვა, რომ „ამ გაუგებრობაში“ მისი ადგილი აღარ არის და პარტიის სახელით პოლიტიკური საქმიანობისგან დროებით ტაიმ-აუტი აიღო. „რაც შეეხება პარტიის დატოვების განაცხადს, დაველოდები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას“, – დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თანაპარტიელებს შორის დაპირისპირება ამით არ ამოწურულა. სამადაშვილის გადაწყვეტილებას გუშინ სოციალური ქსელით გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე და პარტიისგან დამოუკიდებლად დოკუმენტზე ხელმოწერის გამო იგი კიდევ ერთხელ გაარიტიკა. მანვე „პოზიციების გასარკვევად“ ჯერ კიდევ მოქმედ თანაპარტიელს საჯარო დებატებიც შესთავაზა.

„მელია რომ გამოვა ციხიდან მერე დავჯდები შენთან დებატებზე… მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენნაირ მარგინალ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს“, – უპასუხა სამადაშვილმა ბარამიძეს.

ცნობილია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტზე ხელმომწერთა რიგებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შეუერთდება.

კომპრომისულ დოკუმენტზე ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ევროპულ საქართველოსაც. მიუხედავად პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას პოზიციისა, რომ დოკუმენტი „სრულად ვერ პასუხობს“ ოპოზიციის მოთხოვნებს, შეთანხმებას ხელი მაინც მოაწერეს პარლამენტში ევროპული საქართველოს პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა – შალვა შავგულიძემ და არმაზ ახვლედიანმა. ხელმოწერას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც შეურთდა.

„შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური. მაგრამ, მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი (ნიკას [მელიას] გამოშვების შემდეგ) გარკვეული დაზუსტებებით“, – დაწერა Facebook-ზე ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა“, – თქვა ევროპული საქართველოს აწ უკვე ყოფილმა წევრმა და პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც პარტიის სახელით მიღებულ სადეპუტატო მანდატზეც უარი თქვა.

განსხვავებული პოზიციები აღმოჩნდათ ლიდერებს სტრატეგია აღმაშენებელშიც. შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისთვის გიორგი ვაშაძე საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის, კანონი და სამართლის დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გააკრიტიკა. „[საარჩევნო სისტემის ცვლილების თვალსაზრისით] ეს ის დოკუმენტი არ არის, რომელზეც მე გიორგის [ვაშაძეს] ათასგზის გვისაუბრია“, – თქვა მან „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის კრიტიკა დაიმსახურეს ლელომ და რესპუბლიკურმა პარტიამაც. „მთელ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნი, რომ გამხილოთ“, – მიმართა მან პარტიების წარმომადგენლებს – ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს. ბობოხიძემ რესპუბლიკურ პარტიას ხელმოწერაზე ლელოს დათანხმების გამოც უსაყვედურა. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კბილებით გვეჭირა ვითარება, რომ ლელო არ დაგეთანხმებინათ იმაზე, რაზეც საბოლოოდ მაინც დაითანხმეთ“, – უთხრა მან ხათუნა სამნიძეს.

„მოღალატეობრივ დოკუმენტზე“ ხელმომწერების მიმართ უკმაყოფილება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც გამოხატა და თქვა, რომ შეთანხმებით ქართული ოცნების დამფუძნებლის, „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის“ გადასარჩენად „სპეცოპერაცია“ განხორციელდა.