მამაკაცი, რომელიც ლესბოსელ წყვილს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხა, სასამართლომ 23 აპრილს 3 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
„თბილისი პრაიდის“ ცნობით, ლესბოსელ წყვილს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მეზობელი მამაკაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს 20 აპრილს დაესხა. ამავე ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს. მოგვიანებით მან ჯიბიდან დანა ამოიღო და წყვილს დაემუქრა.
ერთ-ერთმა მსხვერპლმა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინცინდენტის ტელეფონით გადაღება მოახერხა. „იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“. ამასთან, მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.
პოლიციამ დაკავებულის წინააღდეგ გამოძიება 22 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა), 150-ე (იძულება) და 284 (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა) მუხლებით დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, წყვილს მსხვერპლის სტატუსი მიენიჭეს, ხოლო პროკურატურამ სასამართლოს გამოძიების დასრულებამდე თავდასხმელისთვის წინასწარი პატუმრობის შეფარდების თხოვნით მიმართა. თუმცა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. წყვილის ადვოკატმა, ცირა ჯგერენაიამ ჟურნალისტებს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უთხრა, რომ თავდამსხმელის გათავისუფლების პირობები არ არის საკმარისად ადეკვატური, რათა წყვილი შემდგომი ძალადობრივი ქმედებისგან იყოს დაცული.
„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა თამაზ სოზაშვილმა განაცხადა, რომ თავდასხმელი ციხიდან არ უნდა გამოუშვან, ვინაიდან წყვილს პოტენციური საფრთხე ემუქრება. მისივე მტკიცებით, პოლიცია „სათანადო სენსიტიურობით“ არ მიუდგა საქმეს, ხოლო „ასეთი გადაწყვეტილებები ახალისებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)