Site icon Civil.ge

29-30 აპრილი, 1921: საბჭოთა რეჟიმმა დამფუძნებელი კრების წევრები დააპატიმრა

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. ფოტო: ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის ფეისბუკის გვერდიდან.

წყარო: ი. ხვადაგიანი, დამფუძნებელი კრება 1919, Sovlab, 1921.

1921 წლის 26 მაისისათვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შესაძლო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის თავიდან ასარიდებლად  1921 წლის 29 აპრილიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრების დაპატიმრება.

1921 წლის 29 აპრილს ქუთაისში დააკავეს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოგიტა ფაღავა, რომელიც სხვა თანაპარტიელებთან ერთად მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს. ფაღავა საპყრობილეში 1921 წლის აგვისტომდე დატოვეს, შემდეგ კი ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს.

1921 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში ქუთაისის მაზრის სოფელ ხუნჯულოურში დააკავეს სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი პავლე წულაია, რომელიც საპყრობილეში 1921 წლის ივნისამდე დატოვეს.

1921 წლის 30 აპრილს მშობლიურ ჭიათურაში დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი ზაქარია გურული.

1921 წლის 30 აპრილს სამტრედიაში დააკავეს სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი ვლადიმერ ჯიბლაძე, რომელიც 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა ფრონტზე.  სამტრედიის რაიონულმა საგანგებო კომისიამ – „ჩეკამ“ – ჯიბლაძის შესახებ დახვრეტის განაჩენის გამოტანის რეკომენდაცია გასცა. საბჭოთა ხელისუფლება ჯიბლაძის დასჯას 1921 წლის 10 აპრილს თბილისში მისი თავმჯდომარეობით გამართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციის გამოც ლამობდა.

„ჩეკას“ მიერ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთა დაპატიმრება 1921 წლის მაისშიც აქტიურად მიმდინარეობდა.