Site icon Civil.ge

არჩილ თალაკვაძე გადადგა, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე კახა კუჭავა იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ფოტო: კახა კუჭავას Facebook-ის გვერდიდან

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს. ქართული ოცნება პარლამენტის ახალ სპიკერად თალაკვაძის პირველ მოადგილეს, კახა კუჭავას წარადგენს.

ხაზი გაუსვა რა რომ ევროკავშირის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე „რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები“ წარმატებით დასრულდა, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ისეთმა ადამიანმა უნდა დაიკავოს, რომელიც „პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება“.

„ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე“, – დაამატა მან.

თავის მხრივ, კახა კუჭავამ არჩილ თალაკვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ გადადგომის შესახებ მისი გადაწყვეტილება „მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)