ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაასრულა 19-22 აპრილის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე წამყვან ევროპარლამენტარებს შეხვდა.
კობახიძე ბრიუსელში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების უმეტესობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერამდე ჩავიდა.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან 20 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიესალმა შეთანხმების მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ „გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა – კოვიდ-19, ეკონომიკური გაჯანსაღება და რეგიონული საკითხები“.
21 აპრილს, კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა 19 აპრილის შეთანხებას „სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი“ უწოდა.
ვიზიტის შეჯამებისას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 22 აპრილს განაცხადა, რომ „ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“. „ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას“, – დასძინა მან.
ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე ასევე შეხვდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ასევე ევროპარლამენტარებს ნაჩო სანჩეს ამორს, რიჩარდ ჩარნეცკის, მიხაელ გალერს, ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიენეს, სვენ მიქსერს, მარინა კალიურანდს, პეტრას აუსტრევიჩიუსს, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს. თუმცა, ცალკეული შეხვედრების დეტალები არ გახმოვანდა.
ბრიუსელში ჩასვლამდე, კობახიძე 12-16 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- კომპრომისული შეთანხმების ამნისტიის პუნქტმა უთანხმოება გამოიწვია
- 19 აპრილის შეთანხმება: მელიას გათავისუფლების მექანიზმები დავის საგანი გახდა
- შარლ მიშელი პარლამენტში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შეხვდა
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისში ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა
- ევროპარლამენტარები 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)