სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ტახტისძირთან, დირბსა და ღოღეთთან – საოკუპაციო ძალები უკანონო „ბორდერიზაციას“ ახორციელებენ.
ქართული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დირბსა და ტახტისძირში ხის ძელების ჩასმა 19 აპრილიდან დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 15 ჰა-მდე მიწას მოიცავს, მავთულხლართების და ღობეების აღმართვაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ღოღეთს, სხვადასხვა ცნობით, სოფელში საოკუპაციო ძალები 25 აპრილს შენიშნეს.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების საკითხს 27 აპრილს ერგნეთში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 99-ე შეხვედრაზე დააყენებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)