Site icon Civil.ge

პარლამენტმა ახალ თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩია

Parliament Speaker Kakha Kuchava. Photo: Facebook/Kakha Kuchava

საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დღევანდელ სესიაზე ახალ თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი, 41 წლის კახაბერ (კახა) კუჭავა აირჩია.

ახალი თავმჯდომარის არჩევას წინ უძღოდა 24 აპრილს კუჭავას წინამორბედის, არჩილ თალაკვაძის გადადგომა. თალაკვაძემ მაშინ აღნიშნა, რომ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ისეთმა ადამიანმა უნდა დაიკავოს, რომელიც „პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება“. 24 აპრილსვე დასახელდა კუჭავას კანდიდატურა თალაკვაძის შემცვლელად.

კენჭისყრამდე მომავალ თავმჯდომარეს მხარდაჭერა გამოუცხადა „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, კუჭავას ბიოგრაფია „არ მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ადამიანის მიმართ რაიმე პრეტენზია შეიძლება გამოაჩნდეს“. იგი „იყო ყოველთვის იყო დაბალანსებული და კორექტული, განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ“, თქვა იოსელიანმა და დასძინა, რომ კუჭავა „ბევრად უფრო დაბალანსებული“ იქნება. კუჭავას მხარდაჭერა აღუთქვა და შეაქო „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა დავით ზილფიმიანმაც. „ძალიან მომწონს მისი ბეგრაუნდი [წარსული]“, თქვა მან.

კუჭავას გამოსვლა

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ პოლიტიკული პოლარიზაციის დასრულებისა და კომპრომისების საჭიროებაზე, ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და გამოწვევებზე ისაუბრა. სიტყვის დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კანდიდატად მისი წარდგენის ინიციატივისათვის.

კუჭავას თქმით, სიმბოლურია, რომ მისი არჩევის დღე 19 აპრილის შეთანხმების კვალად პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის შესვლას დაემთხვა. „მე მჯერა, რომ აქ დღეს ყველანი გამარჯვებულები ვართ“, აღნიშნა მან და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს შეუერთდებიან კვლავაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც „დაძლევენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს“. მისი თქმით, „დროა გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, კომპრომისებისა და დათმობის გზით“.

აწ უკვე მთავარმა კანონმდებელმა მადლობა გადაუხადა ევროპულ კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართული ოცნების ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგების საქმისათვის გაწეული „უპრეცედენტო ძალისხმევისათვის“. „მაქსიმალურად გავამართლებთ მოლოდინს, რომელიც საქართველოს, როგორც დემოკრატიისადმი ერთგული ქვეყნის მიმართ არსებობს“ საერთაშორისო პარტნიორებში, – თქვა მან.

კუჭავამ ხაზი გაუსვა, რომ „აიღებს სრულ პასუხისმგებლობას“, დაყოვნებლივ აღსრულდეს 19 აპრილის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დაცული უნდა იყოს ძალთა ბალანსი პარლამენტში და ოპოზიციაზე გადანაწილდეს კომიტეტების თავმჯდომარეების პოზიციები.

„მტკიცედ მჯერა, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს“, თქვა კუჭავამ და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს მომავალი კი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა, 2024 წელს [წევრობის] განაცხადის გაკეთებისთვის ვემზადებით“.

მისი თქმით, „ეს არის ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც უპირობო და შეუქცევადია“.

„საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში, ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ“

კუჭავამ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევათა სიის სათავეში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დაასახელა. მისი განცხადებით, პოლარიზაციის დასრულება ხელისუფლებასა და ოპოზიციას ამ გამომწვევის უფრო ეფექტიანად გამკლავების შესაძლებლობას მისცემდა. „ამასობაში პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება, ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონული კონტექსტი“. კუჭავამ კოვიდ-19-ის პანდემიაზეც ისაუბრა.

ამასთან, პარლამენტის აწ უკვე თავმჯდომარემ „საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობისათვის” არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან თანამშრომლობის გაუმჯობესების საჭიროებაზეც ილაპარაკა.

ბიოგრაფიული ცნობები

კახა კუჭავა ქართული ოცნების დეპუტატი პირველად 2016 წელს გახდა. თავდაპირველად მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, ხოლო 2019 წლის ნოემბერში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო „ქართული ოცნებიდან“ რიგი წამყვანი დეპუტატების წასვლის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მან დეპუტატის მანდატი მმართველი პარტიის პროპორციული სიით მიიღო და კვლავ ვიცე-სპიკერად დაინიშნა. საკანონმდებლო კარიერამდე, კუჭავა მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე კერძო სექტორში, მათ შორის საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით დარგებში.

კახა კუჭავამ 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 2003 წელს დიდი ბრიტანეთის ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტში მოიპოვა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)