ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი 27-29 აპრილს თბილისს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მათ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორმხრივი დღის წესრიგის გარდა, მათ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისა და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. „გამოვხატე ლიეტუვის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ“, – დაწერა მან Twitter-ზე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შემდეგ მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი ლანდსბერგისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ „უმძიმეს ვითარებაზე“ ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია „საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება“.
ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ ლანდსბერგისმა ქართულ მხარეს 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მხარეებმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაზეც ისაუბრეს.
მოგვიანებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ დეპუტატებს შეხვდება და ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ოძისსაც ეწვევა. 29 აპრილს იგი ვიზიტის შესაჯამებლად პრესკონფერენციას გამართავს და შემდეგ აზერბაიჯანში გაემგზავრება. თბილისში იგი ერევნიდან ჩამოვიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)