27 აპრილს გამოქვეყნებული ახალი კვლევის „საქართველოს მომავლის” თანახმად, რესპონდენტების დიდი უმრავლესობა (78%) მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავდროულად, ისინი ევროკავშირში ინტეგრაციას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული მიზნითაც ემხრობიან. იკვეთება განსხვავებული მოსაზრებებიც – ხუთიდან ორი რესპონდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი ქართულ კულტურას საფრთხეს უქმნის.
კვლევაში ასევე ასახულია საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება უმცირესობების, ოკუპირებული ტერიტორიების და ქვეყნის უახლესი წარსულის მიმართ.
უმცირესობები, იდენტობა, მართლმადიდებელი ეკლესია
რესპონდენტების 69% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მომხდარი კონფლიქტები ეთნიკური უმცირესობების მიმართ მეტი ტოლერანტობის საჭიროებას აჩვენებს. 22% არ ეთანხმება ან სრულიად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. საზოგადოების აზრი იყოფა იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, გვაჩვენებს თუ არა საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მომხდარი სეპარატისტული ომები, რომ ეთნიკური და ენობრივი უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნის „უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეა”. ამ მოსაზრებას 47% ეთანხმება, ხოლო 42% არ ეთანხმება.
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 57% მიიჩნევს, რომ 90-იანი წლების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტებისთვის თავის არიდება შესაძლებელი იყო, 18% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 23%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. რაც შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, 55% არ ეთანხმება, რომ ყველაფერი გაკეთდა ომის თავიდან ასაცილებლად. 28% ამ მოსაზრებას ეთანხმება.
რესპონდენტების 16%-ს საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა უფრო მნიშვნელოვან მახასიათებლად მიაჩნია, 67% კი იდენტიფიკაციას უფრო მოქალაქეობასთან ახდენს. საქართველოს მოსახლეობის 15%-ისთვის ორივე იდენტობა თანაბრად მნიშვნელოვანია. კვლევის თანახმად, სოფლებში მცხოვრები ადამიანები და ახალგაზრდები უფრო მაღალი ალბათობით ფიქრობენ, რომ ეთნიკური იდენტობა უფრო მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, რესპონდენტების 47% არ ეთანხმება და 20% საერთოდ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს აქვთ უფლება საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მხოლოდ 21% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს უნდა მიენიჭოს. 9% კი ამ მოსაზრებას სრულიად ეთანხმება.
ასევე გაყოფილია საზოგადოების აზრი იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე მართლმადიდებელი ქრისტიანი. რესპონდენტების 50% (ეთანხმება/სრულიად ეთანხმება) დადებითად პასუხობს, ხოლო 47% – უარყოფითად. თუმცა, რესპონდენტების 47% აცხადებს, რომ ისინი მისცემდნენ ხმას სხვა რელიგიის მიმდევარ ადამიანს; 46% – სხვა ეთნიკურობის ადამიანს; 19% – ადამიანს, რომელმაც არ იცის ქართული ენა.
რესპონდენტების 69% აცხადებს, რომ მეტი ლგბტ პირის ყოლა საქართველოს პარლამენტში უარყოფით გავლენას იქონიებს; 14% ამბობს, რომ ამას არანაირი გავლენა არ ექნება და მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ეს დადებით გავლენას მოახდენს.
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 62% მხარს უჭერს კონსტიტუციით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიითვის მინიჭებულ განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს. 19% არ უჭერს მხარს, ხოლო 17%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. რესპონდენტების 80% ეთანხმება, რომ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელს უწყობს ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნებას საზოგადოებაში“, ხოლო 79%-ის აზრით, „მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი თვითმყოფადობის საფუძველია“.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელს უწყობს საქართველოს რუსეთთან დაახლოებას, 35% სრულად დაეთანხმა ან დაეთანხმა, ხოლო 33% არ დაეთანხმა, ან საერთოდ არ დაეთანხმა. 30%-ს პასუხი არ აქვს.
დამოკიდებულებები დასავლეთის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 39% მიიჩნევს, რომ საქართველოს დახმარება ყველაზე უკეთ ევროკავშირს შეუძლია; შემდეგ მოდის აშშ (24%) და რუსეთი (13%). 15% ფიქრობს, რომ საქართველოს დახმარება ამ ქვეყნებიდან არცერთს არ შეუძლია, 8%-მა კი აღნიშნა, რომ არ აქვს პასუხი. აღსანიშნავია, რომ ძირითადად ეთნიკური ქართველები განიხილავენ ევროკავშირს და აშშ-ის საქართველოს საუკეთესო მხარდამჭერებად, ხოლო ეთნიკური უმცირესობები ყველაზე ხშირად რუსეთს ასახელებენ.
რესპონდენტების 78%-მა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას მხარი დაუჭირა, ხოლო 14% ამის წინააღმდეგია. 8%-ს ან არ აქვს პასუხი, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად უჭერენ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. 53% ამის წინააღმდეგია, ხოლო ეთნიკური ქართველების უმეტესობას (82%) სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
კითხვაზე „არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოთ ერთი მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებასა და მეორე მხრივ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის, რომელს აირჩევდით?“ რესპონდენტების 78%-მა ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება აირჩია; მხოლოდ 13%-მა დაუჭირა მხარი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 42% და 48%, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას რუსეთის ანტი-დასავლური პროპაგანდა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის დაპირისპირება აფერხებს.
კითხვაზე უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს, 50%-მა განაცხადა, რომ არა, ხოლო 39%-მა აღნიშნა, რომ ქართულ ტრადიციებს ევროკავშირისგან საფრთხე ემუქრება. 11%-ს პასუხი არ აქვს. კვლევის თანახმად, ამ მოსაზრებას, ძირითადად, ის რესპონდენტები არ დაეთანხმნენ, რომელთაც განათლების უფრო მაღალი დონე აქვთ.
დამოკიდებულება უახლესი ისტორიის მიმართ
კვლევის თანახმად, რესპონდენტების 64% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა „საქართველოსთვის დადებითი მოვლენა“ იყო. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა მოსახლეობის უმცირესობა (28%). მცირე ნაწილს (8%) კითვაზე პასუხი არ ჰქონდა ან არ სურდა (1%). კვლევის თანახმად, თბილისის მაცხოვრებლები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები და შედარებით უფრო შეძლებული ადამიანები უფრო მაღალი ალბათობით აღიქვამდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას დადებითად.
რესპონდენტები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (2004-2012) ქვეყნის უდიდეს მიღწევებად კრიმინალთან ბრძოლას/კანონის და წესრიგის დამყარებას (24%), ასევე ეკონომიკურ ზრდას (23%) ასახელებენ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარუმატებლობებს, მოსახლეობის ყველაზე დიდმა ნაწილმა ადამიანის უფლებების დარღვევა (27%) და 2008 წლის ომის თავიდან ვერ აცილება (25%) დაასახელა.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რესპონდენტების 21%-მა განაცხადა, რომ მმართველ პარტიას 2012 წლის შემდეგ წარმატებისთვის არ მიუღწევია; 13%-მა არ იცის, ხოლო 11%-მა ადამიანის უფლებათა უკეთესი დაცვა დაასახელა. რესპონდენტების აზრით, ქართული ოცნების ყველაზე დიდი წარუმატებლობა სუსტი ეკონომიკური ზრდაა (26%); შემდეგ მოდის საარჩევნო სისტემის შესახებ პირობის დარღვევა (9%); „გავრილოვის ღამე“ (8%) და სამართლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობა (8%).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)