რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ხანგრძლივ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2008 წლის აგვისტოში თბილისსა და მოსკოვს შორის საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალურად, შეთანხმების პირველადი ვერსიისთვის ხელი არ მოუწერიათ, არამედ „ის მხოლოდ განიხილეს“.
ლავროვმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა სარკოზიმ მოსკოვში შეათანხმა, იწყებოდა პრეამბულით: „რუსეთი და საფრანგეთი, რომელთაც ამიერკავკასიაში სიტუაციის ნორმალიზება სურთ, სთავაზობენ საქართველოს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, რომ შეწყვიტონ ცეცხლი“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც „იქიდან ძირითადი პუნქტები ამოიღო”, მათ შორის, ხსენებული პრეამბულა.
„მას შემდეგ, დასავლეთი ჩვენგან ამ შეთანხმების შესრულებას ითხოვს“, – დასძინა ლავროვმა, რომელიც, სავარაუდოდ, გულისხმობდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე სავალდებულოდ შესასრულებელი შეთანხმება არ არსებობს.
ლავროვმა ინტერვიუში დონბასში არსებულ ვითარებასა და 2008 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას შორის განსხვავებებზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მათი მომავლის შესახებ რაიმე შეთანხმების არარსებობას უკავშირდებოდა, ხოლო დონეცკში, უკრაინის მიერ ხელმოწერილი ე.წ. „მინსკის დოკუმენტი“ კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტულ ზომებს ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)