Site icon Civil.ge

სასამართლომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია გარემოსდაცვით პირობათა დარღვევისთვის დააჯარიმა

პოლიცია ნამახვანში აქტივისტების კარვებს შლის, 11 აპრილი, 2021, ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

წყალტუბოს სასამართლომ 28 აპრილს კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სადავო პროექტს ახორციელებს, გარემოს დაცვის მიმართულებით რიგი პირობების შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.  

მოსარჩელემ – გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა – განაცხადა, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების უგულებელყოფით დაიწყო.  

სასამართლო მოსმენის დროს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა სასამართლოს შენობის წინ აქცია გამართეს. „სამწუხარო ის არის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე კანონმდებლობა არ გულისხმობს კომპანიის შესაბამის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მოძრაობის „გადაარჩინე რიონის ხეობა“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, ჯარიმის ოდენობა კომპანიის მიერ განხორციელებული დარღვევების პროპორციული არ არის.  

კიდევ ერთი აქტივისტის, მარიტა მუსელიანის თქმით, სასამართლომ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კომპანია დარღვევებით მუშაობს, რაც მის რეპუტაციას აზიანებს. „მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ თვითონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მიუთითებს მოსამართლეს დარღვევაზე, რომ კომპანია გადასულია მშენებლობის, მათ შორის კაშხლის მშენებლობის ეტაპზე“, – განაცხადა მან.  

თავის მხრივ, კომპანიამ, რომლის წარმომადგენლებიც სასამართლო მოსმენებს არ დასწრებიან, 28 აპრილს განაცხადა, რომ „სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. დღეისათვის, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და შესაბამისად, ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია“. კომპანიის თქმით, მართალია ის არ ეთანხმება საჩივრის შინაარსს, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.  

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ ჰესის მშენებლობის თაობაზე კონტრაქტის მფლობელია და მისი აქციების 90% თურქულ კომპანია  ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს, ხოლო 10% ნორვეგიულ ჯგუფ „ქლინ ენერჯი გრუფს“ ეკუთვნის.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)