Site icon Civil.ge

საქართველო Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში

გრაფიკი აჩვენებს დემოკრატიულობის მაჩვენებელს 2017-2021 წლებში. წყარო: ფრიდომ ჰაუსი

„საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი დღეს ახლოსაა იმ ნიშნულთან, სადაც ის ათი წლის წინ იყო“, ნათქვამია Freedom House-ის მიერ 28 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის თანახმადაც ქვეყნის დემოკრატიულობის საერთო ქულა 3.25-იდან 3.18 ქულამდე დაეცა.  

„გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2021“ ყოველწლიური კვლევის ნაწილია, რომელიც ევროპის და ევრაზიის 29 ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და 2020 წლის იანვრიდან-დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ქულები 1-დან 7-მდე სკალაზეა წარმოდგენილი, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე მაღალი. ახალი ქულით საქართველო კვლავ რჩება კატეგორიაში „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი“.  

დემოკრატიულობის საერთო ქულა ცალკეული კატეგორიების მიხედვით, ქულების საშუალო მაჩვენებლით გამოიანგარიშება. კატეგორიები მოიცავს: ეროვნულ მმართველობას, საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემასა და კორუფციას. 

საქართველოს ქულა ორ მაჩვენებელში შემცირდა – საარჩევნო პროცესის ქულა გასულ წელს არსებული 3.25-დან 3.00-მდე დაეცა, ხოლო დამოუკიდებელი მედიის ქულა – 3.75-დან 3.50-მდე. დანარჩენი მაჩვენებლები უცვლელი დარჩა.  

„საქართველოში, ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებამ ნათლად აჩვენა ქვეყნის ბოლოდროინდელი რეფორმების მცდელობის დასასრული“, – ნათქვამია ანგარიშში.  

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში ამომრჩევლებს „არ აქვთ ფუფუნება“ საარჩევნო ყუთებთან გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, „კიდევ უფრო ტრაგიკულია, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში ოპოზიციური ჯგუფები იძულებულნი ხდებიან მკვეთრად არათანაბარი პირობების გამო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, როგორც ეს ახლახანს საქართველოსა და სერბეთში მოხდა“.  

 ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქართულ მედიაგარემოზე გასულ წელს გავლენა იქონია პოლიტიკურმა ჩარევამ და პოლარიზაციამ. ამის მაგალითად, ანგარიში ტელეკომპანია „აჭარის“ თანამშრომლების გათავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს „ჟურნალისტებზე ზეწოლის მკაფიო მაგალითია“. ამას გარდა, დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მაჩვენებლების შემცირებას ასევე შეუწყო ხელი ახალმა კანონმდებლობამ, რომელიც კომუნიკაციების კომისიას „მაუწყებელთა საქმიანობაში ჩარევის“ უფლებას ანიჭებს.  

სრულად ანგარიშს Freedom House მას შემდეგ გამოაქვეყნებს, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)