Site icon Civil.ge

ბულგარეთი საქართველოსთვის განკუთვნილი იარაღის აფეთქებების უკან რუსეთს მოიაზრებს

2011 წლის აფეთქება სოფელ ლოვნიდოლში, ჩრდილო-ცენტრალურ ბულგარეთში. ფოტო: დიმა მაქსიმოვი, 24chasa.bg ვებსაიტიდან.

ბულგარეთის პროკურატურამ 28 აპრილს განაცხადა, რომ იძიებს, თუ რამდენად უკავშირდება იარაღის საწყობის აფეთქების ოთხი შემთხვევა 2011, 2015 და 2020 წლებში რუსული დაზვერვის მცდელობას, ხელი შეეშალა საქართველოსა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის.

კერძოდ, განცხადების თანახმად, ის პროდუქცია, რომელიც განადგურდა 2011 წლის 12 ნოემბრის სოფელ ლოვნიდოლში, კომპანია „EMCO“-ს საწყობში მომხდარი აფეთქებისას, ასევე 2015 წელს სოფელ იგანოვოს „ვაზოვის მანქანათმშენებელი ქარხნის – სოპოტის“ (VMZ-Sopot) სამხედრო საწარმოში მომხდარი ორი აფეთქებისას და 2020 წელს ქალაქ კაზანლაკის „არსენალის“ იარაღის ქარხნის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად, განკუთვნილი იყო საქართველოსა და უკრაინისთვის.

ასევე, პროკურატურის თქმით, გამოძიებამ მიაკვლია რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ბულგარეთის ტერიტორიაზე აფეთქებების პერიოდში იმყოფებოდნენ.

„აქამდე შეგროვებული მტკიცებულებებიდან მაღალი რწმუნებით ვასკვნით, რომ რუსეთის მოქალაქეთა ქმედებების მიზანი საქართველოსა და უკრაინისთვის განსაკუთრებული პროდუქციის მიწოდების გაწყვეტა იყო“, აღნიშნა ბულგარეთის პროკურატურამ.

ბრალდებების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ირონიულად აღნიშნა, რომ „კარგია, რომ ჯერ ერცჰერცოგი ფერდინანდი არ მოგვიკლავს. მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე აქეთ მიდის“.

საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)