ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელიც თბილისში 27 აპრილს ჩამოვიდა, საქართველოში სამუშაო ვიზიტი დღეს დაასრულა.
დღევანდელ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საუბრისას, მინისტრმა ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა “ყველა შესაძლო ფორმატში“ დაგმობს რუსეთის მიერ „ბორდერიზაციის“ კუთხით გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალის თავმოყრას. ლიეტუველმა მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, „დაუყონებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები [რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში არიან დაკავებულნი] და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება“.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“ იმ ცვალებადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომელსაც რეგიონში რუსული სამხედრო ძალის კონცენტრაციია ქმნის. მისი თქმით, თბილისს შეუძლია პანდემიასთან დაკავშირებული ინიციატივების, ვაჭრობის, საერთო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით რეგიონული ცენტრის როლი ითამაშოს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მმართველ პარტია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ევროკავშირით მედიაციით დადებულ შეთანხმებასაც შეეხო. მისი თქმით, ამ შეთანხმებით მხარეები „ფინიშის ხაზთან“ არ მისულან და რომ რიგი საკითხებისა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ასევე პარლამენტში ძალთა გადანაწილება, კვლავაც მოსაგვარებელი რჩება. „ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, ყოველგვარი გადახვევ[ებ]ის გარეშე“.
ამასთან, მთავარმა ლიეტუველმა დიპლომატმა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას მოუწოდა, დათანხმდეს მისი გათავისუფლების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელთა წინადადებას. მან პოლიტიკურ პარტიებსა და არჩეულ დეპუტატებს მოუწოდა, რომ შეუერთდნენ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას. ლანდსბერგისის თქმით, ეს ხელს შეუწყობს შეთანხმების განხორციელებას, გააუმჯობესებს მის კონტროლს და ამასთან, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ პოლიტიკური პარტიების ერთგულებასაც დაადასტურებს.
დღევანდელ პრესკონფერენციამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ოძისსაც ეწვია, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მას ადგილზე არსებული სიტუაცია გააცნეს.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ლანდსბერგისი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. გუშინ საღამოს ლიეტუელმა მინისტრმა ოპოზიციის ლიდერებთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს დედაქალაქიდან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში გაემგზავრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)