Site icon Civil.ge

კარლო ჩხეიძე საბჭოთა რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2

საქართველოში

(პასუხად ბ. შეიმანს)

ბ-ნ შეიმანმა, რომელიც [საბჭოთა] რუსეთის წარმომადგენელი იყო თფილისში მცირე განცხადება მოათავსა „ახალ გზაში“, საიდანაც იგი შემდეგ სხვა კომუნისტურმა გაზეთებმაც [ევროპულმა] გადაბეჭდეს.

ამ განცხადებას მიზნათ აქვს გაამართლოს ევროპის პროლეტარიატის თვალში რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპაცია ამ ქვეყნისა მოსკოვის ჯარების მიერ.

საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა მთავრობას სწორეთ შეიმანისთვის დაუვალებია ამ ომის გამართლება, იმ შეიმანისთვის, რომელიც სრული ექვსი თვის განმავლობაში დაუცხრომლად შრომობდა ამ ომის მოსამზადებლათ, რომელიც ერთი მხრით არწმუნებდა საქართველოს მთავრობას მოსკოვის მშვიდობიან განზრახვებში და ამავე დროს აქეზებდა თავის მთავრობას ჩვენ ქვეყანაზე თავდასასხმელათ. ეს ის შეიმანია, რომელიც საომარ მოქმედებათა დასაწყისში, როცა მოსკოვის ჯარები შემოჭრილი იყვნენ უკვე ჩვენს ტერიტორიაზე, ირწმუნებოდა – საბჭოთა მთავრობამ არაფერი იცის ამ შემოტევის შესახებო.

ბ. შეიმანმა საუცხოვოთ შეასრულა თავის პირველ დანიშნულება.

ვნახოთ როგორ შეასრულებს ის ახალ დავალებას, როგორი ვექილი გამოდგება რუსეთის იმპერიალისტების.


აარონ შეინმანი (1885-1944) – ფოტო ვიკიპედიიდან.

აარონ შეინმანი 1885 წელს დაიბადებულა სულავკიში, ახლანდელ ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში. რევოლუციურ მოძრაობაში 1903 წლიდან იყო ჩართული. ბოლშევიკების მიერ საქართველოში საბჭოთა ელჩად გამწესებული შეინმანი საქართველოს დასავლეთის მიერ დე-იურედ აღიარებას 1921 წლის 3 თებერვალს გულითადად ულოცავდა. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ მცირე ხნით საქართველოში დარჩა, მერე კი ფრიად დაწინაურდა – 1921 წლიდან გოსბანკის დირექტორი იყო. 1922 წელს ლენინს შეურისხავს, როგორც “კომუნისტი-ბობოლა”, თუმცა თანამდებობაზე 1924 წლამდე უმუშავია და მეორედაც დაბრუნებულა 1926-29 წლებში. აქ უკვე სტალინთან უთანხმოების გამო დაუტოვებია ქვეყანა და 1933 წლიდან ლონდონში საბჭოთა სასტუმრო “ინტურისტში” დაუწყია მუშაობა, სადაც 1933-39 წლებში დირექტორიც ყოფილა. 1939 წელს ბრიტანეთის მოქალაქე გამხდარა და 1944 წელს გარდაცვლილა…


საქართველოსთან ომის გასამართლებლათ ბ. შეიმანს წამოყენებული აქვს ორი ბრალდება ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ:

  1. საქართველოს მთავრობა აწყობდა აჯანყებებს მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებში [აზერბაიჯანსა და სომხეთში].
  2. საქართველოს მთავრობას სურდა სამშვიდობო ხელშეკრულების გადასინჯვა.

პირველი ბრალდება მტკნარი სიცრუეა. საქართველოს მთავრობას არასოდეს არ მოუწყვია არც აჯანყება და არც შეთქმულება მეზობელ რესპუბლიკებში.

ბ-ნმა შეიმანმაც ეს ისე კარგათ იცის, როგორც ჩვენ. მან იცის აგრეთვე, რომ თუ ჩვენ გვქონდა სურვილი რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევის, ჩვენ შეგვეძლო ჩავრეულიყავით მაშინ, როცა მოსკოვს ემუქრებოდა მოხალისეთა არმია დენიკინისა. მაგრამ ჩვენ გადაჭრით უარყავით პოლიტიკა უცხოელების ჩარევისა რუსეთის საქმეებში. ბ-ნმა შეიმანმა იცის, თუ საიდან წარმოსდგა ბრალდება შეთქმულებათა მოწყობის შესახებ, ვინაიდან ერთი ავტორთაგანი ამ ბრალდებების თითონ ის ბრძანდება.

ჩვენ გადაჭრით უარყავით პოლიტიკა უცხოელების ჩარევისა რუსეთის საქმეებში

ბოლშევიკებს სურდათ, რომ ჩვენ მათი ჯალათებისთვის გადაგვეცა ხელში ის გადმოხვეწილნი, რომელთაც ჩვენს მიწა-წყალზე შემოაფარეს თავი. ჩვენ ვუარყავით ეს მოთხოვნა, ისე როგორც, ვუარყავით ანალოგიური მოთხოვნა დენიკინელებისა ჩვენში შემოხიზნულ ბოლშევიკების გადაცემის შესახებ, მათ შორის ზოგიერთი პირების იმ ჯგუფებიდანაც, რომელთაც დღეს რუსეთის ხიშტის წყალობით ხელთ უპყრიათ ბატონობა საქართველოში. ორივე შემთხვევაში ჯალათები ხედავენ რა, რომ მათი მსხვერპლნი ჩვენი კანონების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და მათთვის მოუწვდომელნი არიან, შეთქმულებაში გვდებდნენ ბრალს.

ამ რიგათ ბოლშევიკების ბრალდებებს ისეთივე ფასი აქვს, როგორც შავრაზმელ რეაქციონერებისას.

ესეც რომ არ იყოს, რა საჭიროება მოითხოვს საქართველოს მთავრობის მომიზეზებას რუსეთში აჯანყებების ასახსნელად, როცა ყველამ კარგათ იცის, რომ აჯანყების ალი მოდებულია ყველგან საბჭოთა რესპუბლიკებში კრონშტადტიდან დაწყებული უკრაინამდე და მოსკოვიდან-ვლადივასტოკამდე.

მათი წარმომშობი მიზეზი ერთად-ერთია – ესაა ბოლშევიკური რეჟიმი, რომელიც სძულს მთელ ხალხს, დამონებულს მოსკოვის დიქტატორების მიერ. და საქართველოს მთავრობა აქ, ცხადია, არაფერ შუაშია.

დაგვრჩა მეორე ბრალდება: ჩვენ გვსურს გადასინჯვა საზავო ხელშეკრულების.

დიახ, ჩვენ მართლაც გვსურს ეს (და ეს ერთად-ერთი მართალი სიტყვაა ბ-ნ შეიმანის განცხადებაში!). მაგრამ განა თავისუფალი და დამოუკიდებელი ხალხის სურვილი ამა თუ იმ ხელშეკრულების გადასინჯვისა დანაშაულობათ უნდა ჩაითვალოს? განა ხალხის მიერ ასეთი სურვილის გამოთქმა ნებას აძლევს მის მეზობელს, რომ მას ჯარებით შეესიოს?

ბ-ნი შეიმანი გვპირდება მოკლე დროში ამ „საქმის“ შესახებ ყველა საბუთების გამოქვეყნებას. ასეთი კრებული მართლაც საინტერესო იქნება, მაგრამ რასაკვირველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება სრული. მაშინ ჩიჩერინის გრძელ-გრძელ ნოტებთან ერთად, რომლითაც ის გვარწმუნებდა მოსკოვის მშვიდობიან განზრახვებში, მკითხველი იპოვის მასში მე-11 არმიის სარდლის გეკკერის მოხსენებას იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარი დასჭირდება მას საქართველოს დასაპყრობათ. და აგრეთვე იმ ბრძანებებს, რომელიც მიუვიდა მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 არმიებს საქართველოზე გამოსალაშქრებლათ.

ამ კრებულის მოლოდინში კი მე მინდა შევასწორო ზოგიერთი ყალბი ცნობები, რომელიც ბ-ნ შეიმანის განცხადებაში მოიპოვება.

არ არის მართალი, თითქოს საქართველოს ლორისთვის ანექსია ეყოს [სომხეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებით საქართველომ 1920 წლის შემოდგომის მიწურულს დაიკავა ლორეს ნეიტრალური ზონა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. არც ისაა მართალი, თითქოს ჩვენში აჯანყება გაჩაღებულიყოს. ბ-ნი შეიმანი უხვევს სიმართლის გზიდან, როცა ამტკიცებს, თითქოს ჩვენ მიგვეცეს წინადადება ოსმალეთისთვის საქართველოს ზოგიერთი ოლქების დათმობის შესახებ. ნამდვილათ ასეთი წინადადება მისცეს ქემალის და ენვერფაშების მეგობრებმა – მოსკოვის კომისრებმა.

ყალბია ბ-ნ შეიმანის ვერსია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ჩვენს მთავრობას ხელი აეღოს თავის ხელისუფლებაზე რევოლუციური კომიტეტის სასარგებლოთ.

არანაკლებ ყალბია ბ-ნ შეიმანის ვერსია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ჩვენს მთავრობას ხელი აეღოს თავის ხელისუფლებაზე რევოლუციური კომიტეტის სასარგებლოთ. მართლაც და მეტათ გულუბრყვილო უნდა იყოს კაცი, რომ იფიქროს, თითქოს ჩვენს მთავრობას შეეძლო საქართველოს ხალხის სვებედი ჩაებარებია იმ ჯგუფისთვის, რომელმაც სისხლით მორწყო მთელი ჩვენი მიწაწყალი! ბ-ნი შეიმანი აგრეთვე შორსაა ჭეშმარიტებისაგან, როცა აცხადებს, თითქოს ქართველ ჯარებს მოეთხოვოს მთავრობის წევრების დაჭერა. ჩვენი ჯარის-კაცები, ჩვენი შეიარაღებული მუშები და გლეხები, მუდამ ერთგულნი იყვნენ სოციალისტური მთავრობის, მაშინაც, როცა მამაცურად ებრძოდენ ბოლშევიკების ჯარს და მაშინაც, როცა ბათომიდან ერეკებოდენ მოსკოვის მოკავშირეებს, ქემალისტებს, რომელთაც უნდოდათ ამ ქალაქის ხელში ჩაგდება.

მე ამ ჟამათ დავკმაყოფილდები ამ შესწორებით. მე არას ვუპასუხებ მას იმ განცხადებაზე, რომელიც შეიცავს საჩივარს იმის შესახებ, რომ თითქოს მისი თანამშრომელნი ტიფით ავათ გახდენ საქართველოს საპყრობილეებში. წარმომადგენელი იმ რეჟიმის, რომელმაც ერთ დიდ საპყრობილეთ აქცია თვალუწვდენელი რუსეთი, რომელმაც თავის სისასტიკით საშვალო საუკუნის ინკვიზიციასაც კი გადააჭარბა, რომელმაც შავი ჭირის ბუდეთ გახადა ყოველი ქალაქი და სოფელი მის სამფლობელოში მოქცეული, ერთი სიტყვით ბოლშევიკური რეჟიმის წარმომადგენელი, რა პირით უნდა ლაპარაკობდეს თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა სისასტიკეზე და რა იმედი უნდა ქონდეს, რომ მის სიტყვას სერიოზულ ანგარიშს გაუწევენ?

და ბოლოს მე ერთი კითხვა უნდა დავუსვა ბ-ნ შეიმანს:

თუ ჩვენი ხალხი ბოლშევიკური დიქტატურის მომხრეა, მაშინ რათ ეყრდნობიან ამ იდეის მატარებელნი რუსის ხიშტებს? რატომ ვერ ბედავენ ამ ხიშტების იქიდან გაყვანას და ჩვენი ხალხისთვის იმის შესაძლებლობის მიცემას, რომ მან თავის ბედი თითონ გადასწყვიტოს თავისუფლათ?

კარლო ჩხეიძე

1921 წლის 7 მაისი, პარიზი