Site icon Civil.ge

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს ესტუმრა

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, საჰაერო ძალების ფელდმარშალი სტიუარტ ფიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, 29 აპრილი, 2021, ფოტო: gov.ge

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, საჰაერო ძალების ფელდმარშალი სტიუარტ ფიჩი 29 აპრილს თბილისში ჩამოვიდა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს დაესწრო. ფელდმარშალი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა და ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატოს მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და „ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას“. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ფელდმარშალ ფიჩს ოკუპირებულ ტერიტორიებში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ აცნობა, „რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ფედლმარშალმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, შავის ზღვის როლზე კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ქვეყნის ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და თბილისის კონტრიბუცია ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის როლი ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების თვალსაზრისით, აგრეთვე საქართველოს სამომავლო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)