ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 26 აპრილს განაცხადა, რომ მისი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მზად არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც შარლ მიშელის კომპრომისულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, უარს იტყვიან ამნისტიის კანონპროექტის რეგისტრაციაზე.
მელიამ, რომელიც 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ამნისტიის კანონს „ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობა“ უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ამნისტიით აპირებს შეიწყალოს ყველა ის პირი, რომელთაც ბრალი ამავე საქმეზე ედებათ, მათ შორის, „დამნაშავე“ სამართალდამცველები და „ბრძანების გამცემები“.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ამნისტიის კანონის მიღება გამოიწვეს ოპოზიციის დისკრედიტაციას, დააკნინებს ოპოზიციურ ერთობას და „ქართველი ხალხის თვალში“ მედიატორებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას დააზიანებს.
„თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ“, – განაცხადა მელიამ და ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
ამბის წინაისტორია
შარლ მიშელის კომპრომისული წინადადების თანახმად, „ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე [ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეებზე], ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.
თუმცა, ამნისტიასთან დაკავშირებულმა პუნქტებმა 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ამნისტიასა და გირაოს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თავად ნიკა მელიაც.
ასევე წაიკითხეთ:
- კომპრომისული შეთანხმების ამნისტიის პუნქტმა უთანხმოება გამოიწვია
- 19 აპრილის შეთანხმება: მელიას გათავისუფლების მექანიზმები დავის საგანი გახდა
- პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ
- ამერიკელმა სენატორებმა 19 აპრილის შეთანხმების „სრულად განხორციელებაზე“ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)