Site icon Civil.ge

სასულიერო პირები დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ 

სასულიერო პირი ივერი მელაშვილს სიტყვიერად უპირისპირდება, 4 მაისი, 2021, ფოტო: კადრი „მთავარი არხის“ ვიდეოდან

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სასულიერო პირები გუშინ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და აზერბაიჯანი-საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ ექსპერტს, ივერი მელაშვილს დაუპირისპირდნენ.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ სამმა სასულიერო პირმა სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ორმა მათგანმა ოპერატორს ინციდენტის გადაღების საშუალება არ მისცა. კადრში ჩანს, რომ ოპერატორი კამერიანად გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მოგვიანებით, სამონასტრო კომპლექსიდან წამოსვლის შემდეგ, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფს მოქალაქეები და, გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს დაემუქრნენ და გააფრთხილეს, რომ უკან არასდროს დაბრუნებულიყვნენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება „აგრესიასა და ძალადობას“ და დაამატა, რომ ეს ყველაფერი იყო „ძალიან მძიმე საყურებელი“. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ გარეჯში ბრალდებული ივერი მელაშვილის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კამერებით მისვლა „გაუმართლებელია და ხალხის გამოწვევად აღიქმება“. მისივე შეფასებით, გუშინდელი ქმედების მიზანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრისთვის „გარკვეული ნეგატიური ფონის შექმნა“ იყო.

ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ხალხი შეცდომაში შეჰყავს, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ იგი მოღალატეა, რომელმაც აზერბაიჯანს ქართული მიწები „გადასცა და გაყიდა“. მელაშვილი და ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ კიდევ ერთი ბრალდებული, ნატალია ილიჩოვა აცხადებენ, რომ პროკურატურის ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან, ხოლო ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერმა მედიამ ამ საქმის ფაქიზი ხასიათი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს დაუკავშირეს.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მელაშვილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ინციდენტის მიზანი იყო იძულებული გაეხადა სახელმწიფო, რომ სასულიერო პირების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები გამოეყენებინა და სამღვდელოების დისკრედიტაცია მოეხდინა. თუმცა, მანვე ხაზი იმასაც გაუსვა, რომ თავდასხმა მიუღებელია და კანონით უნდა დაისაჯოს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამოძიებისკენ მოწოდებები

გუშინ, ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ნინუცა კეკელიამ ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით არ დაიწყო. „[გამოკითხვის დროს] პროკურორი ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ ჩვენებაში არ მოხვედრილიყო ნაწილი, სადაც მე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანებმა ჩვენ მიმართ გამოხატეს აგრესია, იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით „მთავარი არხის“ თანამშრომლები და ჩვენ შეგვიშალეს ხელი მუშაობაში“, – განაცხადა მან.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აღნიშნეს, რომ ინციდენტის დროს ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლას. მათ ხელისუფლებას ამ საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

„ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს“, – განაცხადა ქარტიამ.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაგმო მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი „ყველა სახის ძალადობა“ და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს, „დროულად და ეფექტიანად“ გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.

ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოწოდებების ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქმის გადაკვალიფიცირება არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს.

ამბის წინაისტორია

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დააკავეს. გამოძიება მათ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას“ ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

2021 წლის იანვარში მელაშვილი და ილიჩოვა წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მაშინ პროკურატურამ თქვა, რომ ბრალდებულების მიერ „ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად არის ამოწურული“ და გამოძიება მათთვის დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

ბრალდებულების უფლებადამცველებმა საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს თავს სამი პირი დაესხა. მარტში მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გამო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას, სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)