Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი ბაქოს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, 5 მაისი, 2021, ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი სამეზობლოში თავისი პირველი ვიზიტით დღეს ბაქოს ესტუმრა, სადაც იგი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალივს. პრემიერი, რომელსაც თან საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ახლავს, თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ალი ასადოვსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვასაც შეხვდა.

ზაგულბას პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრისას, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ თბილისსა და ბაქოს ერთობლივი პროექტების განხორციელების კარგი ისტორია აქვთ, რომელთაც „რეგიონის რუკა შეცვალეს“, პოლიტიკის, ეკონომიკის, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობამ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებას შეუწყო ხელი, რასაც მისივე თქმით, კავკასიისა და უფრო ფართო ევრაზიის რეგიონის ზოგადი განვითარების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობისთვის „უდიდესი მნიშვნელობა“ აქვს.

ილჰამ ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი კვლავაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რაც მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი „ძალიან დადებითი და მეგობრული საინვესტიციო კლიმატის“ შედეგია. „ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში მუშაობის სურვილი სულ უფრო მეტ აზერბაიჯანულ კომპანიას აქვს“, – თქვა პრეზიდენტმა ალიევმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ „შესანიშნავ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი, რაც „საუკუნეებს ითვლის“.

აღნიშნა რა რომ ორი ქვეყანა „ურთიერთდაკავშირებული“ და „ურთიერთდამოკიდებულია“, საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისსა და ბაქოს „უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები“ აქვთ განხორციელებული. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანთან მეტი ერთობლივი პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული, რაც მისივე თქმით, „კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს“.

პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა ქართულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხზეც იმსჯელეს. „შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“, – განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ ორი ქვეყნის კომისიები ძალიან მალე მუშაობას განაახლებენ.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრებზე ეკონომიკური თანამშრომლობის, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ინვესტირებისა და ტურიზმის საკითხები განიხილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)