ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2
მანიფესტი საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ც. კ. [ცენტრალური კომიტეტისა]
[1920 წლის სექტემბერში ბრიტანელ, ბელგიელ და გერმანელ სოციალისტებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა საფრანგეთის სოციალისტური პარტიის სამი გავლენიანი წევრი – პიერ რენოდელი, ალბერტ ინგელსი და ანდრე მარკე – რომლებმაც კარგად გაიცნეს საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ევროპაში დაბრუნების შემდეგ არაერთი სტატია გამოაქვეყნეს საქართველოს მხარდასაჭერად – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
სოც. პარტიის (საფრ. სექცია მუშათა ინტერნაციონალის) მუდმივი ადმინისტრატიული კომისია (ე. ი. ც. კ-ი.) მოუწოდებს საფრანგეთის მუშებს პროტესტი გამოაცხადონ საქართველოს სოციალისტურ დემოკრატიულ რესპუბლიკის დაპყრობის წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ.
ცენტრალური კომიტეტი ბრალს სდებს არა რუს პროლეტარებს, არამედ იმ მთავრობას, რომელიც დღეს მათი სახელით მოქმედებს.
რუსეთის მთავრობამ მოატყუა ევროპის პროლეტარიატი, როცა ამბობდა თითქოს რუსეთი ჩარეული იყო ომში საბჭოთა სომხეთის მხარის დასაჭერათ საქართველოსთან საზღვრის გამორკვევის დროს. ნამდვილათ კი რუსეთის მთავრობამ საქართველოს შეასია რუსეთის მეთერთმეტე არმია სწორეთ იმ კონფერენციამდის, რომელზედაც უნდა მოგვარებულიყო საზღვრების საკითხი.
ქართველებმა რაინდულათ გაუმკლავდენ მომხდურს. იმათ უკვე უნდა უკუეგდოთ მტერი, როცა ერთი მეორის მოყოლებით საქართველოს საზღვრების ოთხ პუნქტზე გამოჩნდა სხვა ოთხი არმია საომრათ მომზადებული, ცოტა მოგვიანებით კი მეხუთე არმიაც, ეს იყო ოსმალეთის არმია, რომელიც – როგორც პირველი ოთხი – მხოლოდ უცდიდა ნიშანს (Signal), რომ სასწრაფოთ თავს დასხმოდა საქართველოს.
საქართველოს დემოკრატიულ და სოციალისტურ რესპუბლიკას და რუსეთს ხელი ქონდათ მოწერილი საზავო ხელშეკრულებაზე. საქართველომ შეასრულა თავისი მოვალეობა რუსეთის რესპუბლიკისადმი, როცა მან უარი უთხრა დახმარებაზე ამ უკანასკნელის მტრებს, სახელდობრ დენიკინს არა თუ შეუწყო ხელი, არამედ კიდეც ეომა მას და მისი ჯარი გაანიარაღა.
ქართველმა სოციალისტებმა შექმნეს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც – ამტკიცებენ ისინი – დაცული იყო მოქალაქეთა თავისუფლება; მათ მართლაც გაასაზოგადოეს ყველა ის, რის გასაზოგადოება შესაძლებელი იყო ეკონომიურათ ნაკლებ განვითარებულ ქვეყანაში, ვინემ ევროპაა; მათ ააგეს ნორჩ რესპუბლიკაში პოლიტიკური ძალა-სიმაგრე საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე და მუშათა და გლეხთა თავისუფლათ არჩეულ პარლამენტის სახელმწიფოებრივ კონტროლზე, – და მისი ეკონომიური ძალა თავისუფალ სინდიკატების თანამშრომლობაზე. ამ ნაირათ აშენებული და ასეც ცხოველი საქართველოს რესპუბლიკა გახდა ბოლშევიკებისათვის აუტანელი, როგორც მათი მამხილებელი ფაქტი.
დღეს კი ის თავისუფლებანი, რომელიც მიენიჭა ქართველ ხალხს, უკვე მოსპობილია; მის მიერ შექმნილი მთავარი დემოკრატიული დაწესებულებანი დანგრეულია. საქართველო უჭირავს რუსის ვეებერთელა არმიას და დაფარულია ბოლშევიკების ბიუროკრატებით; მისი სიმდიდრე კი დღითიდღე ინთქმება და ქარწყლდება.
განვაცხადოთ პროტესტი მის გადასარჩენათ.
ევროპის სოციალისტური პროლეტარიატმა უკვე გამოხატა პროტესტი მუშათა და გლეხთა რესპუბლიკის ამ ავაზაკურ კონფისკაციის წინააღმდეგ. ჩვენმა ამხანაგებმა გერმანიის დამოუკიდებელი პარტიიდან და მთელი ქვეყნის სხვა და სხვა სოციალისტურმა ფრაქციებმა უკვე აღიმაღლეს საპროტესტო ხმა და საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ხმა არ იქნება ნაკლებათ აშკარა და მძლავრი.
დარწმუნებული საქართველოს ხალხის უფლებაში იმ განცხადებებით, რომელიც გადმოგვცა ამხანაგმა ჟორდანიამ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ და წერეთელმა – იმ პირმა, რომელმაც დიდებული როლი ითამაშა 1917 წლის მარტის რუსეთის რევოლუციაში, ცენტრალური კომიტეტი მათთან ერთათ მოითხოვს საქართველოს დაცლას რუსის ჯარის კაცებისა და მოხელეებისაგან [1921 წლის აპრილში ჟორდანიამ და წერეთელმა შეხვედრები გამართეს ფრანგ სოციალისტებთან და გააცნეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პროცესი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
ამას გარდა ცენტრალური კომიტეტი სიამოვნებით (favorablement) ეგებება [საქართველოს] ს-დემოკრატიულ პარტიის 3 000 წარმომადგენელთა მიერ ეხლახან თფილისში მიღებულ შემდეგ წინადადებას [სოციალ-დემოკრატიული პარტიის პარტიის 10 აპრილის ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციას – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]: „ჩვენი სურვილია შესდგეს შერეული კომისია ევროპის მუშათა მოძრაობის ორ მიმდინარეობისაგან – სოციალისტურისა და კომუნისტურისაგან – რომლის კონტროლს ქვეშ მოხდება საქართველოში თავისუფალი არჩევნები მშრომელი ხალხის ნების გამოსახატავათ. ამ კომისიის შემადგენლობის შესახებ სოც.-დემ პარტიის ცენტრალური კომიტეტი შეუთანხმდება კომუნისტურ პარტიას“.